ახალი ამბები

“ჩვენ ვარსებობთ” – გალელების აქცია თბილისში

9 აპრილი, 2021 •
“ჩვენ ვარსებობთ” – გალელების აქცია თბილისში

დღეს, 9 აპრილს, თბილისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გალელი ახალგაზრდების მდუმარე აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მათ შორის გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის, 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ.

“ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია. ვცდილობთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნა მივიტანოთ მთავრომდე და 5-დღიანი კარანტინი შეცვალონ 1-დღიანი კარანტინითა და კორონავირუსის ტესტის უზუნველყოფით, რაც გაამარტივებს მათთვის გადმოსვლის პროცესს”, – განუცხადა ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რა პრობლემა ექმნება გალის მოსახლეობას 5-დღიანი კარანტინის პირობებში, აქციის მონაწილე პასუხობს, რომ გალელები ზუგდიდში მხოლოდ პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სურსათისა და მედიკამენტების საყიდლად და ნათესავების მოსანახულებლად გადმოდიან, 5-დღიანი კარანტინის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფი ხაზიდან გადმოდიან, 5-დღიან სავალდებულო კარანტინში ხვდებიან.

ნეტგაზეთმა 6 აპრილს გამოაქვეყნა მასალა, სადაც გალისა და ახალგორის მოქალაქეები დაწესებული კარანტინით შექმნილ პრობლემებზე საუბრობდნენ.

7 აპრილს მომხდარ ენგურის ტრაგედიის შეფასებისას, გალის მოსახლეობისა და მკვლევრების ნაწილი, მათ შორის, 5-დღიან კარანტინს ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი