ახალი ამბები

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს — ბოკერია

9 აპრილი, 2021 •
მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს — ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ასე გამოუხმაურა ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ან ახალ დოკუმენტს ელოდება. ბოკერიას თქმით, ისინი დაეთანხმებიან იმას, რაც გონივრულ კომპრომისად მიაჩნიათ და თავის მოტყუებას არ აპირებენ.

“მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია. მე, როგორც მოქალაქეს, ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, „ევროპულ საქართველოს“ და პარტნიორებს დემოკრატიულ ოპოზიციაში გვაქვს ამოცანა, რომ დიახ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივაღწიოთ შეთანხმებას, ვიყოთ ერთდროულად მოქნილები და მზაობაში მყოფი და, ამავე დროს, პრინციპულები იმ საკითხზე, რაც მიგვაჩნია აუცილებლად კრიზისის გადასალახავად. აუცილებლად მიგვაჩნია ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც პრეზიდენტმა მიშელმა, როგორც მედიატორმა დადო, რომელსაც ჩვენ მივეცით თანხმობა მედიაციაზე და მთავრობამაც ფორმალურად, უნდა იყოს გონივრული შეთანხმება და წინსვლა. მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, მელიასი და რურუასი, მათი გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა. არის საარჩევნო ადმინისტრაციის, რეგულაციების და წესების არსებითი შეცვლა. საკვანძო საკითხი არის მისვლა ნორმალურ, ვადამდელ არჩევნებამდე. თუ ვინმე ასე თვლის, რომ ნებისმიერ შეთახმებას დაეთანხმება „ევროპული საქართველო“, ეს ასე არ არის. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც გონივრულ კომპრომისად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი