ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, მომავალ კვირაში მოლაპარაკებების მე-3 რაუნდს ან ახალ დოკუმენტს ელის

8 აპრილი, 2021 •
ვაშაძის თქმით, მომავალ კვირაში მოლაპარაკებების მე-3 რაუნდს ან ახალ დოკუმენტს ელის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ან ახალ დოკუმენტს ელოდება.

8 აპრილს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ვაშაძემ თქვა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში „ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია“ ჰქონდა ფასილიტაციის მხარეებთან და მომავალ კვირაში სიახლეები დააანონსა:

„მომდევნო კვირაში, შეიძლება ეს იყოს გარკვეული თარიღი, როცა მესამე რაუნდი იქნება, შეიძლება ეს იყოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, რომელიც დაიდება, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ უკვე მოლაპარაკება დანიშნული მომავალ კვირაში“, – თქვა მან.

„სამივე ვარიანტს ველოდები იმიტომ, რომ მაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას ბოლო დღეებში ჩემი კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც მე ჩემი ხედვა გავუზიარე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თანახმად, „შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, უნდა შედგეს საბოლოო დოკუმენტი და ვნახოთ, ვინ აწერს ხელს ამ შეთანხმებას და ვინ არ აწერს“.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ „90%-ით დარწმუნებულია“, რომ თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი