ახალი ამბები

გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია – ლომჯარია „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩავიდა

8 აპრილი, 2021 •
გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია – ლომჯარია „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩავიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 8 აპრილს „რიონის ხეობის მცველებთან“, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან ჩავიდა და განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, ადგილობრივებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა „არაპროპორციულია“.

ამ წუთებში [16:20] ის იმყოფება გუმათში, გუმათჰესთან, იქ, სადაც 3 დღით ადრე ადგილობრივებმა მეორე ბანაკი აღმართეს, რადგან პოლიცია ნამოხვანისკენ — პროტესტის ძირითადი ადგილისკენ — გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევს.

ლომჯარიას ადგილზე დახვდნენ „რიონის ხეობის მცველები“, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი, და კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვთ, რასაც უსამართლოდ და უკანონოდ აფასებენ.

გოლეთიანის შეფასებით, პოლიციის ეს ქმედება ემსახურება მოსახლეობის ერთმანეთთან დაპირისპირებას, რადგან შეზღუდვა იმ ადგილობრივებსაც ეხება, ვინც უშუალოდ საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობს.

სახალხო დამცველი გეგმავს, ნამოხვანში, პროტესტის ძირითად ადგილამდეც მივიდეს და ვითარებას გაეცნოს.

ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა: „ვერ დავინახეთ დასაბუთება იმისა, თუ რა საჭიროება იყო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მით უმეტეს, რომ არანაირი წინაპირობა,- ან მინიშნება, ან მოწოდება,- ძალადობასთან დაკავშირებით არ ყოფილა“. მისი შეფასებით, ეს შეფერხება პოლიციის მხრიდან გამოყენებული არაპროპორციული ზომაა.

„სამწუხაროდ, ვერც აქ მყოფი პოლიციელებისგან მივიღე განმარტება ამის შესახებ, თუმცა ოფიციალურად მივმართეთ შსს-ს, ზოგადად, გამოყენებულ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა

„აუცილებლად შევისწავლით სამართლებრივ მხარეს, რა არგუმენტაცია აქვს შსს-ს, რატომ აქვთ [ამ ადამიანებს] მათ შორის „კომენდანტის საათის“ მიღმაც შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.


რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.

4 აპრილს სოფელ გუმათში ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს რიონის ხეობაში, — იქ, სადაც კარვებია გაშლილი, — პოლიცია წინა დღიდან მოყოლებული არ უშვებდა.

4 აპრილის აქციის მოთხოვნა იყო, გზა გახსნილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდების შედეგ, გაიშალა ახალი კარავი, ამჯერად სოფელ გუმათთან.

გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში იკრიბებიან – მობილიზებულია პოლიცია [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი