ახალი ამბები

მელიას ადვოკატები კობახიძის ინტერვიუს მტკიცებულებად დაშვებას ითხოვენ

8 აპრილი, 2021 • 819
მელიას ადვოკატები კობახიძის ინტერვიუს მტკიცებულებად დაშვებას ითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებების დასაშვებობას ითხოვს, რომელთა შორის მელიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკოსების პირდაპირ ეთერებში გაკეთებული განცხადებებია.

“საუბარია, ერთი მხრივ, იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება უმაღლესი პოლიტიკური პირების ჩართულობა უშუალოდ ნიკა მელიას ბრალდების საქმეში და სასამართლოს და პროკურატურის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. მეორე მხრივ, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უმაღლესი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები უშუალოდ ჩართული იყვნენ 20 ივნისის საქმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებაში, როგორიც არის: ვიდეოსათვალთვალო კამერები, სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ არ მომხდარიყო აღნიშნული საქმის ობიექტური და ჭეშმარიტი გამოძიება და დაცვის მხარეს რომ არ შეგვძლებოდა მტკიცებულებების მოპოვება”, —განაცხადა კონდახაშვილმა.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სიუჟეტს, სადაც ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი ყვება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, კახაბერს საბანაძის დავალებით დააზიანა აქციის ლიდერების მონიტორი, საიდანაც ოპოზიციონერები მოსახლეობას მიმართავდნენ, ამასთან, სხვა ოპერმუშაკებთან ერთად წაშალა პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, კონდახაშვილი გვპასუხობს, რომ საუბარი მხოლოდ საბანაძეზე არაა.

კონდახაშვილის თქმით, დაცვის მხარე ასევე ითხოვს, რომ მტკიცებულებად დაუშვან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომელიც მან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. კერძოდ, კობახიძის თანახმად, “ოცნების” ლიდერები მელიას დაკავების ოპერაციაზე ჯერ კიდევ იმ დროს მსჯელობდნენ, როდესაც მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოცხადებული არ ჰქონდა.

“არამხოლოდ საბანაძე, აქ საუბარია ასევე პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე კობახიძის მიერ და სხვა მსგავსი განცხადებები. ჩვენ ვითხოვთ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დართვას და იმ პირების მოწმედ მოწვევას, ვინც უშუალო კავშირშია და ვინც პირდაპირ ეთერში აღიარებდნენ სხვასდახვა მნიშვნელოვან საკითხებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით”, — განაცხადა კონდახაშვილმა.

კიდევ რა მტკიცებულებების დასაშვებობას ითხოვს ნიკა მელიას დაცვის მხარე, ამ ეტაპზე ადვოკატი დაცვის პოზიციიდან გამომდინარე არ საუბრობს.

დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობებს 13 აპრილს გახდება ცნობილი.

მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17 საათიდან შეიცვალა – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი