ახალი ამბები

პარლამენტის საგარეო კომიტეტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს — სამხარაძე

7 აპრილი, 2021 • 6098
პარლამენტის საგარეო კომიტეტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს — სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განუცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძე არ იზიარებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის კრიტიკას იმის შესახებ, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე.

“ჩვენ მუდმივად ვართ კავშირზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და არა მგონია, ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდეს, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში რა დინამიკა არსებობს, როდის ვის ველაპარაკებით და ა.შ. მაგალითად, მე დღესაც მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა. როგორც ვიცი, სამინისტროსაც კომუნიკაცია აქვს კოლეგებთან. რაც შეეხება მხარდაჭერას, ვესაუბრე ჩვენს უკრაინელ კოლეგას და ამ საუბრის შედეგად, საგარეო კომიტეტი ვაპირებთ განცხადების გაკეთებას. ამიტომ არ მგონია, რომ ვინმეს პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს, მით უმეტეს, მესამე მხარეს, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებთან და ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ. ისინი გრძნობენ ამ მხარდაჭერას და მადლიერნი არიან”, – განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ “ზედმეტი კომენტირება საქმეს არ წაადგება”.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერის გამო.

“როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მარტო ხმამაღლა გამოვხატე პოზიცია, არამედ ჩავედი ცხელი ომის შუაგულში. ძალიან გაკვირვებული ვარ. როგორ ელოდებით რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობას მსოფლიო საზოგადოებისგან”.

უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მარტო არ დარჩება — ზელენსკი | რა ხდება დონბასში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იერიში მიიტანეს უკრაინულ ძალებზე იმგვარი მსხვილკალიბრიანი იარაღით, რასაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი მძიმედ დაიჭრა.

კიევის განცხადებით, შეტევა დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლება შუმთან მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი