ახალი ამბები

ერდოღანი EU-ს 2 პრეზიდენტს შეხვდა: ქალს სკამი არ ერგო

7 აპრილი, 2021 • 1911
ერდოღანი EU-ს 2 პრეზიდენტს შეხვდა: ქალს სკამი არ ერგო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირის ორ პრეზიდენტს — შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს — შეხვდა. შეხვედრის შინაარსის გარდა, მედიის ყურადღება ერთმა დიპლომატიურმა უხერხულობამაც მიიქცია: ქალი პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს 6 აპრილს ანკარაში უმასპიძნლა. შეხვედრების ოთახში, ევროკავშირისა და თურქეთის დროშებთან, იდგა ორი სკამი, რომლებზეც ერდოღანი და შარლ მიშელი დასხდნენ.

კადრების მიხედვით, ამ დროს ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯერ კიდევ ფეხზე დგას და არ არის დარწმუნებული, სად დაჯდეს. მან ჯერ ხელის მოძრაობით, შემდეგ კი ხმით მიანიშნა თურქეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შექმნილ უხერხულობაზე.

“ეჰმ” არის ახალი ტერმინი, რომელიც [გულისხმობს], რომ ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები ასეთი არ უნდა იყოს”, — წერს “ტვიტერზე” გერმანელი ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი, რომელიც ევროკავშირისა და თურქეთის ერთობლივ საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ვიდეოს მომდევნო ნაწილში ჩანს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ერდოღანისა და მიშელისგან მცირედი დაშორებით, გრძელ ტახტზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს პირდაპირ ზის. გამოცემა Washington Post აღნიშნავს, რომ ტრადიციული დიპლომატიური პროტოკოლით, ჩავუშოღლუს შედარებით დაბალი სტატუსი აქვს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის აღმასრულებელ ფრთას ხელმძღვანელობს, შარლ მიშელი კი, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ბლოკში შემავალი ქვეყნების ლიდერებს შორის კოორდინაციას უზრუნველყოფს.

7 აპრილს მომხდარზე ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმაც ისაუბრა. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენი “აშკარად გაკვირვებული იყო მომხდარით, რაც ვიდეოშიც ჩანს”. Politico-ს ცნობით, მამერმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც ფონ დერ ლაიენი, ისე მიშელი, “ევროპული ინსტიტუციების პრეზიდენტები არიან და აქედან გამომდინარე, თანაბარ პროტოკოლურ რანგს ატარებენ”.

ხსენებულ ფაქტს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, სოფი ინით ფილდი გამოეხმაურა. მან გაიხსენა გასული წლების შეხვედრები, რომლებშიც, ერთი მხრივ, ერდოღანი, მეორე მხრივ კი — ევროკავშირის კაცი პრეზიდენტები ფიგურირებდნენ   და ზემოხსენებული შეხვედრისგან განსხვავებით, სკამი ყველა მათგანისთვის იყო გამოყოფილი.

“ეს არ იყო შემთხვევითი, ეს [მოხდა] განზრახ”, — დაწერა ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე”. თავის პოსტზე  სოფი ინით ფილდმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონიშნა და იკითხა, რატომ შეხვდა ამ ამბავს დუმილით.

კრიტიკის შემდეგ, შარლ მიშელმა “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის ინდიფერენტულად შეხვდა ხსენებულ პროტოკოლურ უხერხულობას.

თავად ურსულა ფონ დერ ლაიენს ეს ფაქტი არ შეუფასებია, თუმცა ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტის მიერ მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ტოვებს საერთაშორისო კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

“ძალიან ვწუხვარ იმ ფაქტზე, რომ თურქეთი ტოვებს სტამბოლის კონვენციას. ეს ეხება ქალთა და ბავშვთა დაცვას ძალადობისგან”, — თქვა მან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება “აშკარად არასწორი სიგნალია ახლა”.

თურქეთი ტოვებს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი