ახალი ამბები

“თბილისში ვარ” – აფგან მუხთარლი

7 აპრილი, 2021 • 895
“თბილისში ვარ” – აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი ამბობს, რომ თბილისში იმყოფება. ის სტამბოლის გავლით ჩამოვიდა საქართველოში.

მუხთარლი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.

ის 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა;

აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. იგი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

მუხთარლი ციხიდან 2020 წლის 18 მარტს გაათავისუფლეს. მას შემდეგ მას რამდენჯერმე სურდა თბილისში ჩამოსვლა, თუმცა ვერ ახერხებდა.

„ნეტგაზეთი“ მასთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი