“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადებით, სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონო განთავსების გამო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კლინიკას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ორგანიზაციის განცხადებით, ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ქალი 2019 წლის 31 აგვისტოს პოლიციის ეკიპაჟმა სამედიცინო შემოწმების მიზნით კლინიკაში გადაიყვანა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კლინიკაში მისვლის შემდეგ ქალი ფსიქიატრიულიდან აღარ გამოუშვეს:
“აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება — იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში” ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.
PHR-ის თქმით, აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი — მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და შპს “N5 კლინიკური საავადმყოფოს” დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა.
დღეს კი, ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ, არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო.