ახალი ამბები

თუ შემთხვევების მატება გაგრძელდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვებს — გაბუნია

6 აპრილი, 2021 •
თუ შემთხვევების მატება გაგრძელდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვებს — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების მატება გაგრძელდა, შესაძლოა, ძველი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს.

დღეს, 6 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა გაბუნიას ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი შეზღუდვები.

გაბუნიამ თქვა, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება და დაწესებული შეზღუდვების ზედმიწევნით შესრულება. მათ შორის,  უარის თქმა დიდ შეკრებებსა და ისეთ სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიცაა ქორწილი და ა.შ.

„ჯერჯერობით, ის ზომები, რომელიც არის დაწესებული, უნდა აღსრულდეს. ჯერ ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული ღონისძიებების აღსრულება გამკაცრდეს.

მაგრამ თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ „მენიუს“ , რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს და ეს იქნება გარანტია იმის, რომ მეტი მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება არ მოგვიხდეს“ ,— აცხადებს გაბუნია.

რაც შეეხება წინასააღდგომოდ სავარაუდო შეზღუდვებს, გაბუნია ამბობს, რომ სიტუაციას ჯერ 2-კვირიანი ინტერვალებით აკვირდებიან.

„ეპიდემიის სურათი მიდის იქით, რომ დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა ამ კვირის მანძილზე და მომდევნო კვირა კიდევ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დამატებითი ზომების გარეშე, ის ღონისძიებები რაც არის, შესრულდეს.

შემდეგ, ბუნებრივია, ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით მოგვიწევს საუბარი იმაზე, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც, ლოკალიზაციის მიზნით, რომელიმე დასახლებულ პუნქტში, მობილობის შეზღუდვის სახით, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა იმ ადგილებისა, სადაც აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ არის“, — განმარტავს მინისტრის მოადგილე.

კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის მაჩვენებელი 3.65%-მდე გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი