ახალი ამბები

IRI-ის კვლევით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გიორგი გახარიაა

5 აპრილი, 2021 •
IRI-ის კვლევით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გიორგი გახარიაა

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის პერსონალურ რეიტინგში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიდერობს.

კვლევის მიხედვით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, მისაღებ ფიგურად პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია გამოკითხულთა 65%-მა დაასახელა, მიუღებლად კი- 30%-მა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გმაოკითხულთა 54%-მა მისაღებ პოლიტიკოსად დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაასახელა (39%-მა მიუღებლად), მესამე ადგილი კი დავით ბაქრაძემ დაიკავა, რომელიც მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 52%-მა დაასახელა (მიუღებლად 37%-მა).

მეოთხე ადგილზეა ნიკა მელია, რომელიც მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 42%-მა მიიჩნია, 48%-მა კი მიუღებლად დაასახელა.

მეხუთე ადგილს კი ბიძინა ივანიშვილი იკავებს, რომელიც მისაღებად გამოკითხულთა 40%-მა მიიჩნია, 53%-მა კი მიუღებლად დაასახელა.

IRI-ს ახალ კვლევაში პერსონალური რეიტინგების პირველ ადგილზე ტრადიციულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორეა, რომელიც მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 89%-მა დაასახელა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. IRI აღნიშნავს, რომ შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი