ახალი ამბები

აღდგომისთვის ჩვენი რეკომენდაციაა, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს — ივანე ჩხაიძე

5 აპრილი, 2021 • 945
აღდგომისთვის ჩვენი რეკომენდაციაა, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს — ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებსა და სასაფლაოებზე გასვლისგან. ამის შესახებ ჩხაიძემ დღეს, 5 აპრილს ბრიფინგზე ისაუბრა.

“აქ [აღდგომასთან დაკავშირებით] პოზიცია არ შეიძლება იყოს განსხვავებული, არ შეიძლება ჩვენ ხელაღებით დავუშვათ და ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, კორონავირუსის პანდემია დასასრულისკენ მიდის და ჩვენ შეგვიძლია სრული თავისუფლება იმ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულზე, რომელსაც აღდგომა ჰქვია. აქ თუ ჩვენ არ მივიღეთ რეალურად ეფექტური ზომები, და ეს ზომები არ იქნა მიმართული თავშეყრის თავიდან არიდებისკენ, მაშინ ჩვენ მართლა გვექნება შემთხვევების ის მატება, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება გამოიწვია სწორედ ასეთმა მასობრივმა თავშეყრამ

აღდგომის დღესასწაულისთვის ჩვენი რეკომენდაცია იქნება, მაქსიმალურად თავი ავარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, როგორიცაა ეკლესია და სასაფლაო”, — განაცხადა ჩხაიძემ.

აღდგომა წელს 2 მაისს აღინიშნება.

დღეს გაიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC], ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს ერთობლივი ბრიფინგი. ბრიფინგზე აღდგომასთან დაკავშირებით ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, სააღდგომოდ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მსჯელობა ნაადრევია.

“დღეს ცოტა ადრე არის ის მსჯელობა, თუ რა იქნება სააღდგომოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით 1 კვირით ადრე გვექნება გეგმა, თუ რა იქნება დღესასწაულთან დაკავშირებით“, – განმარტა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი