მართლმადიდებელი მღვდელი ილია ჭიღლაძე აკრიტიკებს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას არქიმანდრიტი ათინოგენის განკვეთის შესახებ და მის გამოცემულ ბრძანებას ანტიკანონიკურს უწოდებს.
რა ხდება?
მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის მეთაურის, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის ახალი ბრძანებით, ეპარქიის სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას უჭერენ მხარს, დაისაჯნენ.
მიტროპოლიტმა 4 აპრილს ქადაგებისას გამოაცხადა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი“.
მიტროპოლიტის თანახმად, არქიმანდრიტ ათინოგენს უკვე ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება, მაგრამ „მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს“, ამიერიდან კი მას ეწოდება არა არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ „მონაზონი ათინოგენი“.
გარდა ამისა, მიტროპოლიტი სტეფანეს ბრძანებით, ამავე საფუძვლით ეკრძალებათ მღვდელმსახურება:
- იღუმენ დანიელს (გვილავა),
- მღვდელს მირიან (მესხაძე),
- მღვდელმონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი),
- დიაკონ ანანია კალანდიას
„რაც შეეხება, მონაზონ ათინოგენს, მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია, თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს“, – წერია ბრძანებაში.
დეკანოზი ჭიღლაძის კრიტიკა
ამ გადაწყვეტილებას ფეისბუკზე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე და დაწერა, რომ მიტროპოლიტი სტეფანე არქიმანდრიტ ათინოგენს ერთპიროვნულად ვერ განკვეთავს:
„მიტროპოლიტ სტეფანეს აღნიშნულ ანტიქრისტიანულ და ანტიეკლესიურ ქმედებას ამხელს დიდი რჯულის კანონი. კერძოდ, კართაგენის კრების მე-12 კანონით მღვდლის გასამართლებისათვის ექვსი ეპისკოპოსის კრებაა საჭირო, ხოლო მე-14 კანონით გამონაკლისად 5 ეპისკოპოსიც შეიძლება: “მღვდელი ხუთი ეპისკოპოსისაგან იქნეს განკითხული. ტრიპოლიდან, ამ მხარის სიმწირისა და ნაკლულევანების გამო, ერთი ეპისკოპოსის ჩამოსვლა მიგვაჩნია კრებაზე მიზანშეწონილად. იქაური მღვდელი ხუთმა ეპისკოპოსმა უნდა განიკითხოს”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
მის თანახმადვე, წარმოდგენილ კანონს ადასტურებს „დიდი კანონისტი, ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი განმარტებისას: “რამეთუ ხუთზე ნაკლებმა მღვდელმთავარმა არ განკვეთოს მღვდელი”.
„ამრიგად, არქიმანდრიტ ათინოგენეს უწმიდესი კრებები და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულება ანიჭებს კანონიკურ უფლებამოსილებას, წმინდა სინოდში უჩივლოს მიტროპოლიტ სტეფანეს, როგორც დიდი რჯულისკანონის დადგენილების დამრღვევს და გააპროტესტოს მომხდარი, რამეთუ უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავარი უნდა იყოს გარანტი წმიდა კანონთა ზედმიწევნით აღსრულება-დაცვისა“, – წერს დეკანოზი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 2021 წლის თებერვლის სხდომაზე დეკანოზ ილია ჭიღლაძის საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ დეკანოზი საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით „დიდი ხანია უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული)“.
თავის მხრივ, ამ ტექსტს დეკანოზი ჭიღლაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ეკლესიას მართავს არა სინოდი, „არამედ სინედრიონი, რომელიც ამახინჯებს საეკლესიო კანონებს და მუდმივად არღვევს საეკლესიო სამართალს“.