ახალი ამბები

სიგნალის ჩამხშობი აპარატურა არ გამოგვიყენებია – შსს ნამოხვანი-გუმათზე

4 აპრილი, 2021 •
სიგნალის ჩამხშობი აპარატურა არ გამოგვიყენებია – შსს ნამოხვანი-გუმათზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, „თითქოს პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურა“ გამოიყენეს.

„რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“, – აცხადებს შსს და დასძენს, რომ:

„საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელ მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით“.

უწყების განმარტებით, ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა „რთული რელიეფური მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა“.

[რამდენიმე საათით ადრე კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისათვის“ გამოაცხადა, რომ დაუშვებად მიიჩნევენ „ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას“ ნამოხვანში].

ამასთან ერთად, შსს ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით აცხადებს:

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“.

4 აპრილს სოფელ გუმათში ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს რიონის ხეობაში, — იქ, სადაც კარვებია გაშლილი, — პოლიცია წინა დღიდან მოყოლებული არ უშვებს.

დღევანდელი აქციის მოთხოვნა იყო, გზა გახსნილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდების შედეგ, გაიშალა ახალი კარავი, ამჯერად სოფელ გუმათთან.

ვემზადებით აქციისთვის თბილისში, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს პროცესი – გოლეთიანი

სოფელ გუმათში “კომენდანტის” დარღვევისთვის დაგვაჯარიმეს: “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები

მასალების გადაბეჭდვის წესი