მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის მეთაურის, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის ახალი ბრძანებით, ეპარქიის სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას უჭერენ მხარს, დაისაჯნენ.
მიტროპოლიტმა 4 აპრილს ქადაგებისას გამოაცხადა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი“.
მიტროპოლიტის თანახმად, არქიმანდრიტ ათინოგენს უკვე ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება, მაგრამ „მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს“, ამიერიდან კი მას ეწოდება არა არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ „მონაზონი ათინოგენი“.
გარდა ამისა, მიტროპოლიტი სტეფანეს ბრძანებით, ამავე საფუძვლით ეკრძალებათ მღვდელმსახურება:
- იღუმენ დანიელს (გვილავა),
- მღვდელს მირიან (მესხაძე),
- მღვდელმონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი),
- დიაკონ ანანია კალანდიას;
ბრძანების თანახმად, „საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა“.
„რაც შეეხება, მონაზონ ათინოგენს, მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია, თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს“, – წერია ბრძანებაში.
რამდენიმე დღით ადრე, 1 აპრილს, მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე ჭყონდიდის მონასტრიდან გარიცხეს.
მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.
მიტროპოლიტმა სტეფანემ წინა ქადაგებისას ისაუბრა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბრალდებებზე პატრიარქისა და საპატრიარქოს მიმართ და თქვა, რომ „ეს დიაკვნები მან აცდუნა“.