ახალი ამბები

„გაგვიხსნან გზა“ – აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ გუმათში [live]

4 აპრილი, 2021 •
„გაგვიხსნან გზა“ – აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ გუმათში [live]

ამ წუთებში სოფელ გუმათში ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტებს რიონის ხეობაში, — იქ, სადაც კარვებია გაშლილი, — პოლიცია წინა დღიდან მოყოლებული არ უშვებს.

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მოთხოვნაა, პოლიციამ გახსნას გზა ნამოხვნისკენ, — დემონსტრაციის ძირითადი ადგილისკენ, — წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ახალ ბანაკს გაშლიან გუმათში.

აქციაზე ვარლამ გოლეთიანთან სასაუბროდ პოლიციის მაღალჩინოსანი სულხან თამაზაშვილი მივიდა, უთხრა, რომ იქ უსაფრთხოების დასაცავად იმყოფებიან და ამ მიზნით აქვთ გადაადგილება შეზღუდული, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და მალევე დატოვა ტერიტორია.

აღნიშნულ მიდამოებში დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ადგილზე მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანა.

ვითარება ხეობაში წინა დილიდან დაიძაბა — მას შემდეგ, რაც კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე იქ ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.

ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოები მალევე განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.

რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის „რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“.

3 მარტს, გვიან ღამით, სოფელ გუმათში პოლიციამ დააჯარიმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომელთაც სოფელ ნამახვანში ჩასვლა კარვებში მყოფ თანამოაზრეებთან შეერთება სურდათ.

რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი