ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

„აფხაზების გადასაწყვეტია, უნდათ ჩვენთან თუ არა“ – დევნილი, რომელიც აფხაზებს “ზუმში” ხვდება

2 აპრილი, 2021 •
„აფხაზების გადასაწყვეტია, უნდათ ჩვენთან თუ არა“ – დევნილი, რომელიც აფხაზებს “ზუმში” ხვდება

თამთა სურგულაძე, 34 წლის


ომი 

ომზე ხშირად არ ვლაპარაკობ… რამდენჯერაც ვუბრუნდები ამ თემას და ომზე მოყოლას ვიწყებ, იმდენჯერ თავიდან ვომობ და ომიც აღარ მთავრდება.

იმ დროს 6 წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს ჩვენი სახლი, ეზო და თვითმფრინავები, რომლებიც ძალიან ახლოს დაფრინდავდნენ.

1993 წლის 29 სექტემბერი იყო. ფრაგმენტებად მახსოვს, ყანებით გავრბოდით მე, დედა სამი თვის ჩვილით, ჩემი 7 წლის ძმა და ორი ბებია. გზად რაღაც სახლს შევაფარეთ თავი. მახსოვს აფხაზი მეომრები, რომელიც ამ სახლის ეზოში შემოვიდნენ და ერთ-ერთმა ბებიას უთხრა, რომ ქართველებმა დედა მოუკლეს, რომელსაც მას ამსგავსებდა და უცებ სროლა დაიწყო. მე კარში ვიდექი და ვხედავდი ყველაფერს. მერე ამ აფხაზმა დაიბარა, რომ მალე მოვიდოდა და თუ ადგილზე დავხვდებოდით, ყველას ჩაგვხოცავდა.

დედაჩემის დედა ფეხში იყო მძიმედ დაჭრილი, სულ დაფლეთილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა, დედამ ნაჭრით ფეხი გადაუჭირა და საწოლზე დააწვინა. აფხაზების მოსვლამდე უნდა გავქცეულიყავით. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე არჩევანის წინაშე დადგა… საბოლოოდ, ბებია დავტოვეთ საწოლზე და გავიქეცით. ორ დღეში დედაჩემი იმ სახლში დაბრუნდა, სადაც დედა ეგულებოდა, მაგრამ ის უკვე დამარხული დახვდა. ამ ტკივილით გაგრძელდა ჩვენი ოჯახის ცხოვრება.

უკვე ენგურის ხიდზე მე, ექვსი წლის ბავშვს, ჩემი სამი თვის და მომყავდა ხელში აყვანილი. დედაჩემმა მითხრა, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა გაიგო, უკან არ მოიხედო, ისე გადადიო. როცა გადავირბინეთ ხიდი, მაშინღა მოვიხედე და უკან მომავალი დედა და ბებია ვნახე. წლების შემდეგ მივხვდი, რატომ მანდო დედამ ჩემი და – უკნიდან რომ დაწყებულიყო სროლა, დედა და ბებია გადაგვეფარებოდნენ. როგორც ჩანს, დარწმუნებული არ იყვნენ, რომ ხიდზე არ ჩაგვხოცავდნენ.

სკოლა დევნილებისთვის 

დევნილობის პირველი დღეები ზუგდიდში, კინოთეატრის შენობაში გავატარეთ. მერე წამოვედით ფოთში, საიდანაც გემით ბათუმში ჩამოვედით. ბათუმიდან კი ქობულეთში წავედით. ქობულეთში სასტუმრო “ჰორიზონტში” ვცხოვრობდით. ეს იყო ორი 16-სართულიანი შენობა.

პირველ კლასში ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში შემიყვანეს, სადაც დევნილობის გამო არაერთხელ გავმხდარვართ დევნილი ბავშვები სხვა თანატოლების დაცინვის ობიექტი. მერე ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მოიფიქრა და დევნილი ბავშვებისთვის ცალკე სკოლა გახსნა, სადაც მასწავლებლებიც დევნილები იყვნენ. ეს სკოლა ჩვენი კორპუსის მესამე სართულზე იყო. მე მეხუთეზე ვცხოვრობდი. 11 წელი, ყოველ დილით ჩვეულებრივად ჩავდიოდი სკოლაში. ეს იყო სკოლა, სადაც ყველას გვესმოდა ერთმანეთის ტკივილის და არავინ არავის ეძახდა  “შე დევნილოს”. ვფიქრობ, გამიმართლა ამაში. ეგ სკოლა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიხურა, როდესაც “ჰორიზონტიდან” დევნილები გამოასახლეს და შენობა ააფეთქეს. მაშინ ჩვენი სახლებიდან მეორედ გამოგვყარეს, თუმცა, ამჯერად 7 ათასი დოლარის კომპენსაციით.

დიალოგი აფხაზებთან

არც ისე დიდი ხნის წინ, ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ მეგობრისგან გავიგე, ის ერთ-ერთი ფასილიტატორია. აფხაზებს პერიოდულად ონლაინ – “ზუმში” ვხვდებით ხოლმე. ერთმანეთში რუსულ და ქართულ ენებზე ვსაუბრობთ, გვყავს თარჯიმანი.

პირველ შეხვედრამდე ძალიან ვნერვიულობდი, რადგან აფხაზი იყო ჩემთვის ადამიანი, რომელმაც ბებია მომიკლა. მეშინოდა კიდეც, არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ეს დიალოგი, რამეს ხომ არ გავაფუჭებდი. მე, პირადად, წლების განმავლობაში არასოდეს ვსაუბრობდი ომზე, რადგან თითქოს ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცოდით.

პირველ შეხვედრაზე ყველაზე მეტად იცით, რაზე დამწყდა გული? მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ თურმე აფხაზებს ქართველებთან თანაცხოვრება არ სურთ. გამიკვირდა, ჩვენ თუ გვინდა მათთან, მათ რატომ არ უნდათ?!

მთელი ბავშვობა და შემდეგი წლებიც მასწავლიდნენ, რომ ქართველებს აფხაზებთან გასაყოფი არაფერი გვქონდა და მხოლოდ რუსი იდგა ჩვენ შორის, რომელმაც დაიპყრო აფხაზეთი. აფხაზების მოსმენის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ თურმე მათაც აქვთ სათქმელი, მათაც აქვთ სურვილები. მეტიც, აღიზიანებთ კიდეც, როცა მხოლოდ რუსეთზე გადაგვაქვს აქცენტი. არასწორია, როდესაც საზოგადოებამ სიმართლე არ იცის. აფხაზეთის ომი თითქოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს დროში მოხდა და მაინც არ გვაქვს ის გადააზრებული. ზოგჯერ ისიც მგონია, რომ უფროსებიც ვერ ხვდებოდნენ ომამდე საფრთხეებს. ხშირად გამიგონია მათგან, რომ დღესაც ვერ გაუგიათ, რა მოხდა და რატომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.

თავად აფხაზები შეხვედრების დროს გვეუბნებიან, რომ გრძნობენ გულისტიკვილს დევნილების მიმართ. ხვდებიან, რომ დევნილებისთვის ძვირფასია აფხაზეთი. იყო კიდეც ამასთან დაკავშირებული შეკითხვები, თუ რატომ წავედით და რატომ დავტოვეთ ისინი.

მომავალი აფხაზეთთან თუ მის გარეშე 

როდესაც მომავალზეა ლაპარაკი, ყოველთვის ბუნდოვანი და გაურკვეველია ის. არც ვიცი, რეალურად როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი. ერთადერთი რაც შემიძლია, სურვილებზე საუბარია. მინდა, ქართველებს და აფხაზებს შეგვეძლოს ერთმანეთთან მარტივად ურთიერთობა და ეს გაურკვეველი შიშები და უნდობლობა აღარ არსებობდეს ჩვენ შორის. მინდა თავისუფლად შეგვეძლოს ერთმანეთთან სიარული. აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს თუ არა, აფხაზების გადასაწყვეტია. თავად მათ უნდა უნდოდეთ ჩვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მათ ეს სურვილი გავუჩინოთ. მე მჯერა, რომ ძალით არაფერი გამოვა.

დავბრუნდებოდი თუ არა აფხაზეთში? არ დავბრუნდებოდი. აფხაზებთან შეხვედრამდე იქ ჩასვლის სურვილიც კი არ გამჩენია. მხოლოდ ამ პროექტის შემდეგ მომინდა ჩავიდე და იქ მცხოვრები ადამიანები გავიცნო. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც წამოვედი და არც კი მახსოვს აფხაზეთი. აი, საზღვარგარეთ ხომ გვყავს ყველას მეგობრები, ვისთანაც ჩავდივართ სტუმრად, დაახლოებით ასეთი განწყობა მაქვს – ჩავიდოდი სიამოვნებით მათთან და მათაც სიამოვნებით მივიღებდი აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი