„განსაკუთრებული საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა მონაზონი სოსანა ბოლქვაძისა და მორჩილი ნინო გამყრელიძის მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხვის ფაქტს, რომელიც მკვეთრად აგრესიული, დამამცირებელი და ქალთმოძულე შინაარსით და ფორმებით მოხდა. კერძოდ, 30 მარტს გავრცელებულ ვიდეოში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სხვა მონაზვნების თანდასწრებით მონაზონ სოსანას ეუბნება:

შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ, ვინ ხარ? მეუფე პეტრეს გაანებე თავი, დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, ზიარების უფლებას გიკრძალავ და დამთავრებულია, მეტი ახლა შენ მონაზვნობის მიმართულებით რისი გამკეთებელი ხარ?

კიდევ ერთ ეპიზოდში კი, სადაც ახლად დადგენილი მიტროპოლიტი დედა სოსანას და სხვა მონაზვნებს ხვდება, ის აცხადებს:

მე გავეცი პასუხი. შენ რატომ უნდა დაგიმტკიცო, ვინა ხარ, რომ დაგიმტკიცო. შენ გაინტერესებს არ ნიშნავს, რომ მე შენ უნდა გიმტკიცო. შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა. [..] რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა…“, – წერს ორგანიზაცია. 

„მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებები, გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპარქიის წევრების დევნის და დასჯის ნიშნებს ატარებს, ის მონაზვნების მიმართ ეკლესიაში უსამართლო, დამამცირებელ და ქალთმოძულე დამოკიდებულებას ავლენს. ის სხვა მონაზვნებშიც დაუცველობის განცდას ქმნის და ხელს უწყობს ქალების უხეში დაქვემდებარების და იერარქიზების ნორმალიზებას. უფრო მეტიც, მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გამოვლენილი ქალთმოძულეობა საზოგადოებაში ამგვარი განწყობების წახალისებას მოახდენს. მით უფრო, რომ საქართველოს საპატრიარქო არ გამოირჩევა ქალთა უფლებების და თანასწორობის დაცვის მიდგომებით და მხარდაჭერით,“.

ორგანიზაცია მოუწოდებს:

სინოდსა და საპატრიარქოს

  • საეკლესიო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილებებს და ღიად ქალთმოძულე და დამამცირებელ განცხადებებს და სინოდმა იმსჯელოს ჭყონდიდის ეპარქიაში მის მოღვაწეობის შესაბამისობაზე საეკლესიო წესებთან;
  • საპატრიარქოს შიგნით შეიქმნას მონაზვნებისა და სხვა ქალი ღვთისმსახურების სოციალური და შიდა სამართლებრივი დაცვის პოლიტიკა და სამსახურები, რომელიც მათ შევიწროების და დაუცველობის შემთხვევებზე მიმართვისა და უფლებებისა და ინტერესების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს შეუქმნის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს)

  • დედა სოსანას და მორჩილი ნინოს მიმართ მიმდინარე მოვლენებს გაუწიოს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მათ სოციალური დაცვისა და სათანადო საცხოვრისის გარანტიები შეუქმნას.