ახალი ამბები

„დოჟდის“ რედაქტორი პოზნერის თბილისში ვიზიტს კოლონიზატორის ქმედებას ადარებს

2 აპრილი, 2021 • 3681
„დოჟდის“ რედაქტორი პოზნერის თბილისში ვიზიტს კოლონიზატორის ქმედებას ადარებს

რუსული ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო აკრიტიკებს რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტს, ვლადიმირ პოზნერს საქართველოში ვიზიტის გამო. ძიადკო პოზნერის ქმედებას კოლონიზატორების ჩამოსვლას ადარებს და ამას „სამარცხვინო ისტორიას“ უწოდებს.

ძიადკომ აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით პირად ფეისბუკ გვერდზე დაწერა. როგორც „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი იხსენებს, იმ დროს, როცა პოზნერი მეგობრებთან ერთად პირდაპირი ჩარტერული რეისით მოსკოვიდან თბილისში გაფრინდა, ოჯახთან ერთად საქართველოს დედაქალაქში ერევნის გავლით გამოემგზავრა. ამის მიზეზი მარტივია — უკვე თითქმის 2 წელია, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვეტილია.

„თუ ვინმემ არ იცის, თბილისში 21 საათზე კომენდანტის საათი იწყება. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკეტილია. ქუჩაში ხალხი და მანქანები არ არის, მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და ა.შ. დაკეტილია. დარღვევისთვის – ჯარიმა 600 დოლარი. გამონაკლისი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც სპეციალური საშვი აქვს – ეს ადამიანთა მცირე კონტინგენტია, არა ისე, როგორც გაზაფხულზე მოსკოვში. ხალხი ამით ძალიან დაიღალა, რთულია, შეზღუდვებზე ასე იყო დამოკიდებული (ჩვენ, მაგალითად, ვერ მოვასწარით მიშასთვის პამპერსები გვეყიდა. მაგრამ ჩვენ ტურისტები ვართ, ხალხი კი ასე ნახევარ წელიწადზე მეტია ცხოვრობს).

ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე თბილისში დღესასწაულზე ჩამოფრინდა ჩარტერული რეისი. როგორც ჰყვებიან, მოხდა შემდეგი: თვითმფრინავი დაეშვა დაახლოებით 8 საათზე. ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ მთავრობის დახმარებით ყველას საშვი გაუკეთა. აეროპორტიდან ყველანი მიიყვანეს სასტუმრო „სტამბაში“. იქიდან, უკვე კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, ყველა წაიყვანეს „ვინოტელში“ სავახშმოდ. თანაც, ავტოკოლინის სათავეში პოლიციის მანქანაა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა — მიტინგი, კვერცხების სროლა და გინება.

რა თქმა უნდა, გინება და ხალხისთვის კვერცხების სროლა მაგარი არაა, მაგრამ საკუთარი გამონათქვამებით აფხაზეთის შესახებ ფეხს აბიჯებდე ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიას და მერე ისე ჩამოდიოდე, ვითომც არაფერი, ბევრად უფრო არაა მაგარი. უნდა იყო მზად, რომ საზოგადოების ნაწილი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს — მარტო იმიტომ მაინც, რომ საქართველოსთვის ეს ისტორია დაკავშირებულია ათასობით მოკლულთან და 250 000 ლტოლვილთან. ხოლო მოაწყო შენი ვიზიტი ისე, რომ გამოდის, თითქოს ჩამოვიდნენ კოლონიზატორები და აპირებენ კარგი დროის გატარებას პოლიციის დახმარებით, მაშინ, როცა აბორიგენები სახლში სხედან და მაღაზიაშიც ვერ გადიან, არა მარტო კარგი არ არის, არამედ საკმაოდ სამარცხვინო ისტორიაცაა.

და პატარა დაკვირვება სულ სხვა რამეზე. როცა კაფეში ვისხედით, მოვიდა ჩვენი მაყურებელი ისრაელიდან. მოყვა, რომ სასტუმროში იყო მაშინ, როცა შენობას კვერცხებს ესროდნენ. ისრაელის საელჩომ მისი ევაკუაცია განახორციელა. ეს ბევრს ამბობს ქვეყნის დამოკიდებულებაზე საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, — წერს იგი.


რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა, საბოლოოდ, რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში პირველი აპრილს, დილით გაბრუნდნენ. 


გარეკანის ფოტო: © tvrain.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი