ნეტგაზეთი | პანდემიისას გართულდა აუტისტური სპექტრის პირთა უფლებების დაცვა – სახალხო დამცველი პანდემიისას გართულდა აუტისტური სპექტრის პირთა უფლებების დაცვა – სახალხო დამცველი – Netgazeti
RU | GE  

პანდემიისას გართულდა აუტისტური სპექტრის პირთა უფლებების დაცვა – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

ამ განცხადებაში ომბუდსმენი იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელთა წინაშეც აუტისტური სპეტრის პირებს საქართველოში ყოველდღე დგანან. ეს გამოწვევები კი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.

სახალხო დამცველი გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაზე დაყრდნობით ამბობს, რომ კოვიდის შემდგომი პერიოდის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს უფრო მეტად ინკლუზიური და მისაწვდომი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც აღიარებული იქნება ყველა ადამიანის წვლილი.

„კორონავირუსით გამოწვეული ვითარების ფონზე საქართველოში მცხოვრები აუტიზმის მქონე პირები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. კიდევ უფრო მეტად გართულდა მათი უფლებების სათანადოდ განხორციელება.

 სახელმწიფოს მიერ კვლავ არ ხდება ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებით უზრუნველყოფა. პრობლემურია ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისა და სერვისების მისაწვდომობა, არაადაპტირებული სამედიცინო მომსახურებები. გამოწვევაა სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულე. არ ტარდება აუტიზმის მქონე პირთა და მათი ოჯახების სოციალური და ფსიქოლოგიური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებები“, – აღნიშნავს ომბუდსმენის აპარატი.

ის ასევე დასძენს, რომ ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში აუტიზმის მქონე პირების ჩართვა. ამასთანავე, არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის სისტემა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების მხრიდან სტიგმა და არასწორი დამოკიდებულება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, მეტი ძალისხმევა მიმართოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ. დროულად გადაჭრას ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის სფეროში არსებული პრობლემები. შექმნას აუტიზმის მქონე ყველა პირისთვის მისაწვდომი თანამედროვე სერვისები და მომსახურებები. იზრუნოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა/განვითარებაზე. პოზიტიური ღონისძიებების გატარებით უზრუნველყოს აუტიზმის მქონე პირთა ოჯახების მხარდაჭერა“, – აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი. 


ნეტგაზეთი ასევე გირჩევთ წაიკითხოთ:

როცა შვილისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი ქვეყანაში არ იყიდება — დედის ისტორია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან