ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჯონ უოლტერსმა, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილების გამო, დაიწყოს გამოძიება საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ ჰადსონის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.
საუბარია კვლევაზე, რომლის თანაავტორები უფროსი მკვლევარი არიან ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი.
„აღნიშნული ანგარიში ჰადსონის ინსტიტუტის პუბლიკაციაა, რომელიც მომზადებულია ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების შესაბამისად. ანგარიში ეფუძნება გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, რაც მითითებულია კიდეც პუბლიკაციის სქოლიოებში; ჰადსონის ინსტიტუტი სრულად უჭერს მხარს მის მიგნებებს.
ეს ანგარიში ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს — განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის ძალას წარმოადგენს. ანგარიშის ავტორებზე გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებული უნდა იყოს მისი მიგნებებით, რომლებიც უმეტესწილად ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რაც ხელისუფლებისთვის ისედაც ცნობილი უნდა იყოს“, – განაცხადა უოლტერსმა.
ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც გიორგი კანდელაკია, საქართველოში ირანის გავლენებს ეხება. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი კანდელაკი სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.
სუს-მა განაცხადა, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გახმოვანდა არაერთი ინფორმაცია საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.
