“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს, პარტნიორებისთვის ღია გზავნილია, რომ თავი დაანებონ.
მისი თქმით, ხელისუფლების საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ ამოცანისთვის ისინი საერთაშორისო ჩართულობას საფრთხედ მიიჩნევენ.
დღევანდელ ვითარებაში, როცა საქართველოს ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას მოიპოვებდეს საქართველოს დასახმარებლად ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, ყველაფერში, ღია სიგნალს უგზავნის, თავი დაგვანებეთო, მაშინ, როცა ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ჩვენი პარტნიორებისგან, რომ დღევანდელი სტატუს კვო არის მათთვის სერიოზული პრობლემა და ეს აისახება მათ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობასთან და სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, საქართველოზეც. მინიშნებაც არ არის, ღია განაცხადია, რომ აღარ გვინდა ლაპარაკი ჩვენ, ანუ დღევანდელ სტატუს კვოს ვინარჩუნებთ, როგორც არის”, – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერია ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებას, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, რადგან ოპოზიცია არ აწერდა. ბოკერიას თქმით, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერდა, შეთანხმების ჩავარდნა ოპოზიციას დაბრალდებოდა.
“მაშინ მოეწერათ ხელი, თუ აზრს კარგავდა, ეს მთლიანად დაბრალდებოდა ოპოზიციას. მე ხაზს ვუსვამ, მათგან განსხვავებით, ჩვენ მკაფიოდ ვლაპარაკობთ მათ შორის პარტნიორებთანაც, ხომ. ეს რაღაც სამმაგი ლაპარაკი არ გვახასიათებს „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენი პარტნიორების დიდ ნაწილს. რაც მიგვაჩნია სწორად ქვეყნისთვის, იმაზე უნდა თქვა, რომ სწორია. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტ მიშელის მიერ ჩამოყალიბებული ყველა პუნქტი თუ არ არის შეთანხმების ნაწილი, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა, განსაკუთრებით, ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების, მელიასა და რურუას განთავისუფლების საკითხი. ვთქვით, რომ ამის გარეშე არ გამოვა, მაგრამ შესაძლებლობა იყო ნაბიჯის წინ გადადგმა იმ დანარჩენ სამ საკითხზე, რომლებიც ასევე იდეალური კი არ იყო, მაგრამ იმისთვის, რომ კომპრომისი შედგეს, ოპოზიცია მზად იყო. ამაზეც კი უარი თქვეს”, — განაცხადა ბოკერიამ.
დღეს, პირველ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა და მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონმა თქვა, რომ თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და შარლ მიშელი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია.