პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულ სევა შამოიანს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში – განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს შ.გ-მ მიაკითხა ს.შ-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა. ს.შ-სგან უარის მიღების შემდეგ, შ.გ-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა შ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობითვე, ბრალდებული დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის.
ფული გროვდება ქალისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილმა შეყვარებულმა დაწვა