„სევასთვის“ – ასე ჰქვია საქველმოქმედო ჯგუფს ფეისბუკზე, რომელიც ახალგაზრდა ქალის მკურნალობისთვის ფულს აგროვებს. საგამოძიებო უწყებების ცნობით, ქალს ერთი თვის წინ სახლთან დახვდნენ, თავს დაესხნენ და დაწვეს. ოჯახის თანახმად, ეს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა გააკეთა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
სევა ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და 2 რთული ოპერაციის შემდეგ გრძელი სარეაბილიტაციო პერიოდი ელოდება.
ნეტგაზეთი ესაუბრა დაზარალებულის ახლო მეგობარს, ზანდა ხინგავას, რომელმაც ფეისბუკზე ზემოხსენებული ჯგუფი შექმნა და ფულის შეგროვებაში სევას ოჯახს ეხმარება. ის გვიყვება, რომ ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ქალს მესამე ოპერაცია, თუმცა საავადმყოფოს მომსახურებაში გადასახადი რამდენიმე ათეულ ათასს უკვე სცდება.
„ამჟამად მას 2 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმები აკვირდებიან, თუ საჭირო იქნება მესამე ოპერაცია. ორივე ფეხი სრულად დამწვარია, მუცლის არიდან არის კანი გადანერგილი. თუმცა დამაიმედებელი პროგნოზი არსებობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, სავარაუდოდ, დასჭირდება მესამე ოპერაციაც.
რამდენიმე დღეა, რაც მომჯობინდა, იმიტომ, რომ უკვე ნარკოზის გარეშე იკეთებს შეხვევებს, მანამდე კი ყოველდღიურად ნარკოზის გაკეთება ძალიან უჭირდა“, – გვიყვება ზანდა ხინგავა.
მეგობარი განმარტავს, რომ თავად ქალს არ უნდა თავდასხმის შესახებ საუბარი და ამ თემას მხოლოდ ერთხელ – გამომძიებლის თანდასწრებით- შეეხო, „რა დროსაც მოჰყვა, რა მოხდა, მათ შორის ის, რომ შოკის მდგომარეობაში გარბოდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე ბრალდებული 30 ივნისს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მეგობარი გვიყვება, რომ საქმის ფარგლებში ამოღებულია ახლომდებარე კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ზანდა ხინგავა ასევე ამბობს, რომ კაცს ბრალი დაუმძიმეს, რადგან გამოძიების მიხედვით, ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაშიც იმყოფებდა.
„იყო მუქარებიც მანამდე. მას არ უნდოდა ამ კაცთან ყოფნა, ის ემუქრებოდა. მოგკლავ, დაგწვავო, ეუბნებოდა. თუმცა არავინ ელოდა, რომ ამას ნამდვილად გააკეთებდა. მუქარის შემთხვევაზე მეც მომიყვა, ვურჩიე, პოლიცია გამოეძახებინა. მაგრამ მოხდა ისე, როგროც მოხდა…,“ – გვიყვება მეგობარი და ამბობს, რომ თავდასხმის დღეს კაცმა დაზარალებულს სახლის ეზოში მიაკითხა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი დაწვა.
რაც შეეხება გადასახდელ თანხას, ხინგავა გვიყვება, რომ თანხის ნაწილი დაფარა თბილისის მერიამ (10 ათასი ლარი) და სახელმწიფო დახმარებამ (15 ათასი ლარი). თუმცა ოჯახს პალატისა და რეანიმაციაში განთავსების ვალი – 21 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. ამას ემატება ოპერაციის – 4 ათასი ლარი, და 1-წლიანი სარეაბილიტაციო კურსის თანხა. ამ უკანასკნელის ოდენობა ოჯახმა ჯერ არ იცის – „თუმცა ესეც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული“.
სევას მკურნალობისთვის ოჯახმა დახმარების მიზნით საზოგადოებას მიმართა. მათი რეკვიზიტებია:
- საქართველოს ბანკი:
GE27BG0000000365869289
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა) - თიბისი ბანკი:
GE79TB7825736010100017
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა) - ლიბერთი ბანკი:
GE13LB0711116423039000GEL
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
“ყოფილი ქმრების ან პარტნიორების მხრიდან ძალადობას თითქმის ყველა შემთხვევაში აქვს გენდერული მოტივი”
“ქალზე და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს შორის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს ყოფილი ქმრების ან პარტნიორების მხრიდან ძალადობას, რასაც თითქმის ყველა შემთხვევაში აქვს გენდერული მოტივი. რაც გულისხმობს მესაკუთრულ დამოკიდებულებას, ქალის ქცევის კონტროლის სურვილს“, – ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე და ამატებს, რომ ამ უკანასკნელის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა სწორი რეაგირება და ეფექტური პრევენცია.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, გამოწვევები დაცვისა და მხარდამჭერი სისტემას კვლავ აქვს.
„ყველაზე დიდი პრობლემა არის შემთხვევების პრევენცია და თავიდან აცილება. როგორც წესი, ამგვარ ძალადობას განგრძობითი ხასიათი აქვს, სასტიკი ძალადობის ფაქტი როდესაც ხდება, ამას თითქმის ყოველთვის აქვს წინარე ისტორია, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობისა ან/და იძულების.
სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, ძირითადად ორი ტიპის შემთხვევა გვხვდება: შემთხვევები, როდესაც მსხვერპლს, მიუხედავად განგრძობადი ხასიათის ძალადობისა, არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებებისთვის, რაც საგანგაშოა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა გაირკვეს, თუ რა გახდა მიზეზი, რატომ არ მიმართა მან სამართალდამცავ უწყებას. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ნდობის ნაკლებობა ან სხვადასხვა ბარიერები, რაც მსხვერპლს ამ პროცესში გააჩნია“, – ყვება ეკატერინე სხილაძე.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, სხილაძე განმარტავს, რომ ხშირია ასევე შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი უწყება ინფორმირებული იყო, თუმცა სასტიკი ძალადობის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
„შევაჯამოთ, მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში არის ის, რომ ძალადობის შემთხვევებზე, მიუხედავად გაზრდილი სტატისტიკური მაჩვენებლისა, მაინც კვლავ დაბალია არსებულ მასშტაბებთან შედარებით მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ხარვეზიანობაზე – იმ ბარიერებზე, რასაც მსხვერპლები ამ პროცესში განიცდიან, და მეორე- მიმართვის შემთხვევაში ეფექტური და დროული რეაგირება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მსხვერპლი დაცული იყოს განმეორებითი ძალადობისგან,“.