“ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, აუცილებელია პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე.
“დიალოგი უნდა გაგრძელდეს”, – აცხადებენ საელჩოში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.
“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.