პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვერის შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასთან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრეს და ღარიბაშვილმა ბიზნესმენები “ძალიან დაამშვიდა”.
ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს დღეს, 31 მარტს, პირველად შეხვდა. სოსო ფხაკაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მაკროეკონომიკური საკითხები განიხილეს, ასევე დაასახელა 10 პუნქტი, რაზეც მისი თქმით, ბიზნესმა მთავრობას საკუთარი ხედვა წარუდგინა, თუმცა, ჟურნალისტების ჩაკითხვის მიუხედავად, ფხაკაძეს ეს პუნქტები არ დაუსახელებია.
“დღეს ბიზნესს ბევრი რამ აწუხებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს დღეს ვერ მოვედებოდით, თუმცა ის თემატიკა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე [ვისაუბრეთ]. მათ შორის, რასაკავირველია, გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი მთავარი ეკონომიკური ბარომეტრია ჩვენი ქვეყანის, მაგრამ ეს იყო პირველი შეხვედრა. კიდევ ვამბობ, შემდეგი შეხვედრები გვექნება და ყველაფერს კიდევ უფრო დეტალურად [გავივლით]”,-აცხადებს ფხაკაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რაღაც ხომ უთხრათ [ღარიბაშვილმა], ანუ მან დაამშვიდა, თუ იქით დაამშვიდეს, ფხაკაძე პასუხობს:
“ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა, ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა მქონდეს, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ.”
შეხვერას ასევე ესწრებოდა “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტან ბუცხრიკიძეც. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე, მაგალითად, როგორიც არის სოფლის მეურნეობა და ა.შ. რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ბუცხრიკიძე ამბობს, ამ საკითხზე შეხვედრა დამატებით გაიმართება ეროვნული ბანკის მონაწილეობით.
ნეტგაზეთის კითხვაზე, ეროვნული ბანკის მხრიდან თუ უნდა ელოდოს საზოგადორება სავალუტო ინტერვენციებს , ბუცხრიკიძე პასუხობს, რომ მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის კი სავალუტო ინტერვენციებზე, დღეს მსჯელობა არ ყოფილა.
“პირადად მე ვთქვი, რომ ძალიან კარგია ბიზნესის ამოქმედება. ვხედავთ იმას, რომ პოტენციურად შეძალოა, თეორიული რისკი არსებობდეს “მესამე ლოკდაუნის”, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანია, ბიზნესმა წინასწარ იცოდეს და განსაზღვროს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ მიმართულებების გაჩერება”, — აცხადებს ბუცხრიკიძე.
შეხვედრიდან გამოსულმა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “პრობიზნესურია”. ნეტგაზეთის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციების გაგრძლებას, პაპაშვილი პასუხობს, რომ “პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას”. მისივე თქმით, შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი ლარის კურსი იყო, ასევე განიხილეს სასამართლოს საკითხი, კაპიტალური ბაზრების განვითარება და სხვა.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის პრესსამსახურმა, სადაც წერია, რომ განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა აღნიშნულ სექტორზე. ამას გარდა, საუბარი შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და ხაზი გაესვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება, რათა რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა.
“ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიზნესისადმი მხარდაჭერა და მზადყოფნა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნის მიმართულებით ბიზნესის როლი განსაკუთრებულია”, — წერია მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში.