“თანასწორობის მოძრაობა” ჰომოფობურად აფასებს კულტურის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც თეა წულუკიანი საუბრობს, თუ როგორი ფილმები უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მიერ.
“იმედის დილის” წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, ექნებათ თუ არა მისი მხარდაჭერა ისეთ ხელოვანებს, რომლების კლიშეებს ანგრევენ და მაგალითად მოუყვანა ქართულ-შვედური კოპროდუქცია “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელსაც ჟურნალისტის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიტიური გამოზმაურება მოჰყვა, ქვეყნის შიგნით კი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაზეც წულუკიანი პასუხობს, რომ “თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს”.
“თანასწორობის მოძრაობის” გნაცხადებით, ერთი და იმავე სქესის ადამიანების რომანტიკული ურთიერთობების, გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე ცხოვრების, საზოგადოებრივი წნეხისა თუ დისკრიმინაციული გარემოს აღწერის “პროპაგანდად” წარმოჩენა პოლიტიკური ჰომოფობიისა და სიძულვილის გავრცელებული პრაქტიკაა.
ორგანიზაციის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეა წულუკიანი ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილის და დისკრიმინაციულ ენას იყენებს.
“თანასწორობის მოძრაობა” აღნიშნავს, რომ 2018 წელს ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში, თავისი, როგორც იუსტიციის მინისტრის, საქმიანობის კრიტიკას ტრანსფობიური კომენტარით უპასუხა – “…არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად”:
“ლგბტქი ადამიანები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და გარიყულ ჯგუფს წარმოადგენენ. სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო თემის საჭიროებებსა და თანასწორობაზე დაფუძნებული ეფექტიანი პოლიტიბის გატარება, რის გამოც ლგბტქი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ძალადობას, დისკრიმინაციასა და უთანასწორო მოპყრობას.
მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჰომოფობიური დატვირთვის მქონე განცხადებების გაკეთება კიდევ უფრო ამძიმებს ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და ახალისებს ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფილმის პროექტებს ეროვნული კინოცენტრი აფინანსებს შემუშავებული კრიტერიუმებისა და ჟიურის საშუალებით. მინისტრის მსგავსი განცხადებები კი, “თანასწორობის მოძრაობის” შეფასებით, ზიანს აყენებს ამ პროცესს და აფერხებს საქართველოში შემოქმედებითი თავისუფლების განვითარებას.
“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, შემოქმედებითი თავისუფლება არის სოციალური, მათ შორის, ლგბტქი საკითხების, კონემატოგრაფში მრავალფეროვნად წარმოჩენის წინაპირობა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, თეა წულუკიანმა და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სხვა პირებმა გაიაზრონ თავისი პოლიტიკური სტატუსი და საჯარო გამოსვლებისას/პოზიციონირებისას თავი შეიკავონ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
წულუკიანი: უნდა დაფინანსდეს ფილმები, რომელიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს