ნეტგაზეთი | წულუკიანი: უნდა დაფინანსდეს ფილმები, რომელიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს წულუკიანი: უნდა დაფინანსდეს ფილმები, რომელიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს – Netgazeti
RU | GE  

წულუკიანი: უნდა დაფინანსდეს ფილმები, რომელიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ფილმებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობებს უნერგავს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულს, ინფორმაციას აწვდიდეს ადამიანის უფლებებზე და იმაზე, თუ რა არის საჭირო დეოკუპაციისთვის.

აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა “იმედის დილის” ეთერში ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, ექნებათ თუ არა მისი მხარდაჭერა ისეთ ხელოვანებს, რომლების კლიშეებს ანგრევენ და მაგალითად მოუყვანა ქართულ-შვედური კოპროდუქცია “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელსაც ჟურნალისტის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიტიური გამოზმაურება მოჰყვა, ქვეყნის შიგნით კი ვნებათაღელვა გამოიწვია:

“გააჩნია, რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს იმიტომ, რომ მე ვარ, ასევე არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას. მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, ეს ფილმი ფინანსდებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან. მე ეს არ ვიცი.

მაგრამ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომლებიც ერთი მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს, მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. და ამ ახალგაზრდა თაობებში, ალბათ, ცალკე კიდევ ყორადღების მისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა. იმისათვის, რომ მათ იცოდნენ, მათი მშობლიური ადგილი აფხაზეთი იქნება თუ ცხივალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხებია და ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს ჩემი გადმოსახედიდან”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.