ახალი ამბებიეკონომიკა

რამდენიმე მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია “კარფურს” უჩივის

30 მარტი, 2021 • 2232
რამდენიმე მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია “კარფურს” უჩივის

ადგილობრივი მწარმოებლები და დისტრიბუტორი კომპანიები “კარფურს” სასამართლოში უჩივიან. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ნეტგაზეთს უთხრა, ამ კომპანიებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საერჩელით უკვე მიმართეს და “კარფურისგან” “უკანონოდ დაქვითული” თანხის დაბრუნება მოითხოვეს. ჭყონიას განმარტებით, უკვე რამდენიმე წელია “კარფური” ამ კომპანიებს კუთვნილ თანხებს არ ურიცხავს და დაუსაბუთებლად აჭრის, ხოლო “კარფურის” კაბალური პირობებისა და გაურკვეველი მოთხოვნების გამო ეს კომპანიები იძულებულნი ხდებიან პროდუქტზე ფასი გაზარდონ.

საუბარია კომპანიებზე, რომლებიც სუპერმარკეტების ქსელს პროდუქციით ამარაგებენ.

“პროდუქციას როცა ვაწვდით, მას ვალდებულება უჩნდება კომპანიების მიმართ და რიგ შემთხვევაში ეს ასობით ათასი ლარია. იმ დროს, როცა ელოდები, რომ გარკვეული თანხა უნდა ჩაგერიცხოს, გერიცხება გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე გეკუთვნის. წერენ, რომ ეს არის რაღაც გაურკვეველი მარკეტინგის თუ შესვლის [მარკეტში გაყიდვის უფლების მიღების], ანუ გაურკვეველ გადასახადებს არქმევენ ამას. ეს საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე აყენებს კომპანიებს. როცა თანხას ელოდები, რითიც ნედლეული უნდა იყიდოს მწარმოებელმა, ან ახალი პროდუქტი შემოიტანოს იმპორტიორმა, ეს სერიოზულ ზიანს აყენებს კომპანიას. თუ პირობითად 10 ათასი ლარი გეკუთვნის, შეიძლება 2000 ლარი ჩაგირიცხონ და გითხრან, რომ 8 ათასი ლარი რაღაც მომსახურებაზე დაიხარჯა, ან სხვა რამე მიუთითონ ფაქტურაში. როცა თანხის ჩამოჭრა ხდება, ამ დროს უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი და ამ დოკუმენტის გარეშე თანხა არ უნდა ჩამოგეჭრას”, – აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, რადგან ქვეყანაში სასამართლო პროცესების დანიშვნა ჭიანურდება, ამით “კარფური” სარგებლობს და ამ მავნე პრაქტიკას აგრძელებს. ამ ეტაპზე სასამართლოს სარჩელით სამმა კომპანიამ მიმართა, რომელთაგან ერთი მწარმოებელი, ორი კი სადისტრიბუციო კომპანიაა. ჭყონია გვეუბნება, რომ ოთხი კომპანიის სარჩელი განხილვის ეტაპზეა და სასამართლოში ისინიც უახლოეს პერიოდში შევა.

“ამ ეტაპზე შესულია ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიის, “ჯორჯიან ბეიქერსის” სარჩელი, “გრანდი” და “ჯეო ლატექსი”. სასამართლოში რომ მოიძიოთ, შეიძლება სხვა კომპანიების სარჩელებიც იყოს შესული, რადგან მე ასოციაციის წევრი კომპანიების სახელით ვსაუბრობ. ამ კომპანიების სარჩელი წინა კვირას შევიდა. სარჩელში ეს კომპანიები მოითხოვენ კუთვნილი თანხების დაბრუნებას, რაც “კარფურმა” ჩამოაჭრა”,-აცხადებს ჭყონია.

ნეტგაზეთი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა კარფურთან დაკავშირებას. ბოლოს პასუხი წერილობით გამოგვიგზავნეს, სადაც წერია რომ კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას.

“კომპანია კარფური საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს.
ამასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან კარფურის მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი