ეკონომიკა

თუ დღეს დახლზე შაქარი არ დაგხვდათ, არ ნიშნავს, რომ 2-3 დღეში არ იქნება – დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი

9 მარტი, 2022 • 3368
თუ დღეს დახლზე შაქარი არ დაგხვდათ, არ ნიშნავს, რომ 2-3 დღეში არ იქნება – დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრაზე საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა:

„ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს“.

9 მარტს მინისტრი შამუგია შეხვდა მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორებს. ამავე შეხვედრაზე, სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ივა ჭყონიამ განაცხადა:

„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტასთან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ საქართველოში „არანაირი დეფიციტი არ არსებობს“.


ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანას აქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

უკრაინის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე იკრძალება ქვეყნიდან წიწიბურის, მარცვლეულისა და შაქრის ექსპორტი.

ბოლო დღეების განმავლობაში, – უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის ფონზე, – გავრცელებული ინფორმაციით, მომხარებლები მასობრივად ყიდულობენ შაქარს, ფქვილს და ა.შ..

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი