ახალი ამბები

2020-ში შობადობა 3.7 %-ით შემცირდა, სიკვდილიანობა 8.3 %-ით გაიზარდა — საქსტატი

30 მარტი, 2021 • 1031
2020-ში შობადობა 3.7 %-ით შემცირდა, სიკვდილიანობა 8.3 %-ით გაიზარდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ძირითად დემოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ამ წელს ქვეყანაში შობადობა 3.7 %-ით შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა 8.3 პროცენტით გაიზარდა.

2020 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის, 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (15 271 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (259 ბავშვი).

შობადობა შემცირებულია ყველა რეგიონში, გარდა სამცხე-ჯავახეთისა.

სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (13 878 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (764 კაცი).

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 4 017 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო ქართლის რეგიონისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი