ახალი ამბები

2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 4 ათასით მეტი ადამიანი დაიღუპა

31 მარტი, 2021 •
2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 4 ათასით მეტი ადამიანი დაიღუპა

2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 3 878-ით მეტი ადამიანი დაიღუპა და, შესაბამისად, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 50 537-ს მიაღწია. ეს არის სიკვდილიანობის 8.3 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელი. ინფორმაცია ამის სესახებ სტატისტის ეროვნული სამსახურის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

როგორც საქსტატი აცხადებს, გარდაცვლილთა რიცხოვნობის შესახებ ჩაშლილ მონაცემებს, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზების მითითებით, 2021 წლის ზაფხულში გამოაქვეყნებს.

მართალია, ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური მონაცემები ,თუ რატომ გარდაიცვალა 3 878 ადამიანით მეტი 2020 წელს. თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია სწორედ 2020 წელს გამოცხადდა და პიკმა საქართველოში გასული წლის შემოდგომა-ზამთარში მიაღწია, რასაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილი იყო 2 481 ადამიანი.

დღევანდელი, 2021 წლის 31 მარტის მონაცემებით კი, კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოში გაზრდილია 3 778 ადამიანამდე. გარდაცვლილთა შორის არაერთი ცნობილი ადამიანია, მათ შორის, მომღერალი თემურ წიკლაური, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი, ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი სოფო შუბლაძე და ა.შ.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.8 მილიონს მიაღწია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი