სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორ ჯინ შაჰინი და საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორ ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებენ, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება საქართველოში არსებული პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა.
სენატორებს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად ფიქრობენ, რომ დაკავებულების გათავისუფლება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა და მისთვის სივრცეს შექმნიდა.
“ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას”, — უპასუხა სენატორმა შაჰინმა.
ხოლო სენატორმა რიშმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება “კარგი იქნებოდა”.
“ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი. დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ, გათავისუფლება კარგი იქნებოდა და პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა”, — განაცხადა სენატორმა რიშმა.
“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.
გუშინ, 29 მარტს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დღეს, 30 მარტს, „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შესახებ თავის წინადადებას შეხვედრაზე მიიტანს.
მისივე თქმით, თავად პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისგმებლობა და ამგვარ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.