ახალი ამბები

“სისტემა დავტესტე” — ფსიქოლოგი, რომელმაც მელიასთვის გირაოს გადახდა გადაწყვიტა

30 მარტი, 2021 • 666
“სისტემა დავტესტე” — ფსიქოლოგი, რომელმაც მელიასთვის გირაოს გადახდა გადაწყვიტა

ბესიკ ბოგველი, რომელმაც ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის მზაობა გამოთქვა, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თანაგრძნობისა და “სისტემის დატესტვის” მიზნით მიიღო.

“მთელი ღამე არჩევნდნენ, ვისი კაცი ვარ. რეკავდნენ იქით-აქეთ, ვისია, როგორ გაბედა… ფსიქოლოგი ვარ. არ შეიძლება, ფსიქოლოგს პოზიცია ჰქონდეს? მე შევთავაზე და პოზიციების გარკვევა ვცადე, დავტესტე სისტემა. ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე და, შესაბამისად, თანაგრძობაც არის. ძალიან ცუდად მიდის ქვეყანაში პროცესები, შეიძლება რაციონალიზმი დაიკარგოს”, — განუცხადა ბოგველმა “ტვ პირველს” და “პალიტრას”.

ხელისუფლებასთან კავშირზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბოგველი აღნიშნავს: “თქვენ რომ გითხრათ, უცხოპლანეტელთან მეგობრობთო, რას ეტყვით? მე არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას”.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ  “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილით პროკურატურას მიმართა, რაც ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები „უტიფრად ამტკიცებენ, თითქოს ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გირაოს გადახდა და პატიმრობიდან გათავისუფლდება“, რაც სამართლებრივი აბსურდია, გირაოს აღკვეთის ღონისძიება სასამართლოს მიერ შეცვლილია პატიმრობით.

“უცნობ ორგანიზაციას” მელიას გირაოს გადახდა სურს – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი