ახალი ამბები

“უცნობ ორგანიზაციას” მელიას გირაოს გადახდა სურს – ადვოკატი

29 მარტი, 2021 •
“უცნობ ორგანიზაციას” მელიას გირაოს გადახდა სურს – ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ უცნობმა ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა ნიკა მელიას გირაოს გადახდის სურვილით.

ადვოკატი ამის მიღმა ხელისუფლების სპეკულაციებს ხედავს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები „უტიფრად უმტკიცებენ მათაც და საზოგადოებასაც, რომ თითქოს ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გირაოს გადახდა და პატიმრობიდან გათავისუფლდება,“.

განცხადებაში ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაო იურიდიული აბსურდია:

„მართალია, მოსამართლემ სრულიად უკანონოდ შეუფარდა ნიკა მელიას პატიმრობა, მაგრამ ასეა თუ ისე, ეს უკანონო გადაწყვეტილება დღეს ძალაშია. ანუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ნიკა მელია უნდა ყოფილიყო პატიმრობაში და მიიჩნია, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით მისი მიზანი ვერ მიიღწეოდა. დღეს კი პოლიტიკოსები და, ჩემდა გასაოცრად, პროკურატურაც, ნიკა მელიას არარსებული გირაოს გადახდისკენ მოუწოდებენ. ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში არც კანონები და არც მართლმსაჯულების ორგანოები არაფერს წყვეტენ“, – აცხადებს ის.

ხელისუფლების მორიგი სპეკულაცია ნიკა მელიას საქმეზე !

სამწუხაროდ, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს სპეკულაციებს ნიკა მელიას…

Posted by Giorgi Kondakhishvili on Monday, 29 March 2021

ის ყვება, რომ ხელისუფლებას მანამდეც ჰქონდა მცდელობა, თავად შეეტანა გირაო და ისე შეეფუთა, თითქოს ეს თავად ბრალდებულის მიერ იყო ორგანიზებული.

„იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას პატიმრობა აქვს შეფარდებული და გირაოს გადახდის თემა ტექნიკურად და სამართლებრივადაც დახურულია მანამ, სანამ ამას თავად პროკურატურა არ იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, ხელისუფლება კვლავ გააქტიურდა და მისი ორგანიზებით ჩვენთვის აქამდე უცნობმა ორგანიზაციამ „ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრი“ მიმართა გენერალურ პროკურატურას და გამოთქვა ნიკა მელიასათვის გირაოს გადახდის სურვილი. იმ გირაოსი, რომელიც მოსამართლის განჩინებით უკვე ბუნებაში აღარ არსებობს.

სავსებით ცხადია, რომ ისევ მაქინაციებით ცდილობენ მათ მიერვე შექმნილი სამართლებრივი აბსურდიდან გამოსვლას, თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ვერავის მოტყუებას და გასულელებას ვერ შეძლებენ. ნიკა მელია არის მართალი და იმის მიუხედავად, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა მის გაშავებას და არჩადენილი დანაშაულისთვის დასჯას ცდილობს, სიმართლე თავის თავს მაინც არ დამალავს და ის ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა!“ – წერს ადვოკატი.

მისივე თქმით, დაცვის მხარის პოზიცია უცვლელია, კერძოდ კი ის, რომ არ არსებობს  ნიკა მელიას მიმართ არა თუ პატიმრობის, საერთოდ, არცერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და სასამართლოს ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა

„სწორედ ეს ვიშუამდგომლეთ ჩვენ სასამართლოს წინაშე, თუმცა მოსამართლეს სხვა პოლიტიკური დაკვეთა ჰქონდა მიღებული. სწორედ ამიტომ იყო, უმაღლესი თანამდებობის პრიები მის მიერ ჯერ კიდევ არმიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დეტალებზე რომ მსჯელობდნენ და ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცრაზმი მანამდე იყო მობილიზებული, სანამ მოსამართლე პატიმრობის გადაწყვეტილებას მიიღებდა“, – წერს გიორგი კონდახიშვილი.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი