“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიამ ოპოზიციის ნაწილის განცხადების შესახებ პრესიდან შეიტყო. საქმე ეხება ოპოზიციური პარტიების წერილს, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად არიან, პარლამენტში შევიდნენ.
“თქვენ როგორც იცით, ოპოზიცია გაბუტულია ჩვენზე და არ გვეძახიან ასეთ შეკრებებზე. აქედან გამომდინარე, არ არის ჩვენი ხელმოწერა მანდ. არ ვიცოდით საერთოდ, თუ აწერდნენ ხელს ამ დოკუმენტს… გამოქვეყნებული ვნახეთ პრესაში”, — უთხრა ხვიჩიამ “ნეტგაზეთს”.
ხვიჩიას თქმით, იზიარებს რამდენიმე პარტიის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მოლაპარაკებების განახლების წინ ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება მართებული არ არის.
ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ასევე არ ფიქსირდება “სტრატეგია აღმაშენებლის”, “რესპუბლიკელებისა” და “ლეიბორისტების” ხელმოწერა. პირველი ორი მათგანი დასძენს, რომ მოლაპარაკებების დაწყების წინ მსგავი განცხადების გავრცელება არასწორია, “ლეიბორისტები” კი წერილის კონკრეტულ პუნქტებს არ იზიარებენ.
მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში — ოპოზიციური პარტიები