ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მოსკოვი კვლავ საუბრობს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების აუცილებლობაზე ერთი მხრივ, თბილისს, მეორე მხრივ კი — სოხუმსა და ცხინვალს შორის. განცხადებაში ნახსენებია “ანტირუსული რიტორიკა” თბილისში და “გეგმები”, რომლებიც უკავშირდება საქართველოს “ფორსირებულ ინტეგრაციას” ნატოში.
“რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები ითხოვენ ძალისხმევის კონცენტრირებას ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანის გადასაჭრელად — სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
რუსეთი და მისი მოკავშირეები გამოდიან წინაპირობიდან, რომ ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადების გარეშე ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ერთი მხრივ, თბილისს, მეორე მხრივ კი — სოხუმსა და ცხინვალს შორის.
ეს პრაქტიკული ღონისძიებაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სასაზღვრო ზონაში და მთლიან რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნის საქმეში.
ასეთი დოკუმენტის გადაუდებლობა, სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირდება შეერთებული შტატებისა და ნატოს გაძლიერებულ სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობას ამიერკავკასიაში, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ფორსირებული ინტეგრაციის გეგმებს”, — ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უწყების განცხადებით “დაძაბულობის შემდგომ შემცირებას, მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, მათი შემდგომი დემარკაციით”.
“რუსეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თბილისში მიმდინარე ანტირუსული რიტორიკისა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლირების კონტრპროდუქტიულობაზე.
ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას, არამედ ბლოკავს მის საქმიანობას გარკვეულ სფეროებში, პირველ რიგში ჰუმანიტარული ჯგუფის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ პოლიტიზებულ რეზოლუციაზე, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას განსახილველად იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავ ერთმევათ უფლება, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
მანამდე, ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების თქმით, დისკუსიის მთავარ თემებს შორის იყო პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა უკვე დადებული აქვს და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც.
რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.
რაზე ისაუბრა თბილისმა ჟენევის დისკუსიებზე – ქართული მხარის განცხადება