ახალი ამბები

რაზე ისაუბრა თბილისმა ჟენევის დისკუსიებზე – ქართული მხარის განცხადება

27 მარტი, 2021 •
რაზე ისაუბრა თბილისმა ჟენევის დისკუსიებზე – ქართული მხარის განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე, რომელიც 26 მარტს გაიმართა. უწყების თქმით, დისკუსიის მთავარ თემებს შორის იყო პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

“მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში.

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის – მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე.

საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ყურადღება გაამახვილეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. ამ კონტექსტში ნახსენებია გალისა და ახალგორის რაიონები, ასევე, კოდორის ხეობა.

“ქართველმა მონაწილეებმა დასვეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის – თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა”, — აღნიშნავს სამინისტრო.

უწყების თანახმად, საქართველოს დელეგაციამ ასევე ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელიც “უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”.

ამასთან, განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარეს კვლავ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეების — დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილი — მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება.

“აქტიური აზრთა გაცვლა გაიმართა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.


ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართევა. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა უკვე დადებული აქვს და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც.

რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი