ახალი ამბები

მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ფაიზერის” დამატებითი დოზების შემოტანაზე — გამყრელიძე

26 მარტი, 2021 •
მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ფაიზერის” დამატებითი დოზების შემოტანაზე — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს “ფაიზერთან” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზების მისაღებად. აღნიშნულის შესახებ მან 26 მარტს, მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარებულ ვებინარზე ისაუბრა.

გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ საქართველოს ახლა “ფაიზერის” ვაქცინის უფრო მეტი დოზის დასაწყობება შეუძლია, ვიდრე მანამდე.

“ამ ორ თვეში ჩვენ გავაფართოვეთ ცივი ჯაჭვის საშუალებები ქვეყანაში. თუ იანვარში ვამბობდით, რომ [შეგვეძლო, დაგვესაწყობებინა] 200-დან 300 ათას დოზამდე, ახლა შეგვიძლია, დავასაწყობოთ 800 000-დან მილიონ დოზამდე ფაიზერის ვაქცინა. კერძო სექტორმაც შემოგვთავაზა დახმარება.

ამასაც გეტყვით, რომ სახელმწიფო პირდაპირ ფაიზერთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ შესაძლებელია, წლის მეორე ნახევარში ფაიზერის განმეორებითი, უფრო მასშტაბური დოზები იყოს ქვეყანაში, როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება”, — დასძინა მან.

“კოვაქსის” პლატფორმის მეშვეობით საქართველომ Pfaizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა 25 მარტს მიიღო. აღნიშნული ვაქცინით აცრა ამჟამად მხოლოდ სამ ქალაქში — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია — შესაძლებელი, ვინაიდან მისი შენახვისათვის საჭირო მაცივრები(-70°C-დან  -80°C-მდე) სწორედ ამ ქალაქებში ინახება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ფაიზერის” მხოლოდ 5 ათასი დოზა რჩება თავისუფალი.

ამ დროისთვის “ფაიზერის” მხოლოდ 5 ათასი დოზა რჩება თავისუფალი

მასალების გადაბეჭდვის წესი