დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინების მოლოდინის რიგში 11 273 ადამიანია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ ვებინარზე ისაუბრა.
ნეტგაზეთმა ამირან გამყრელიძეს ჰკითხა, სხვადასხვა ვაქცინის რამდენი დოზა აქვს დღეს საქართველოს. მან განმარტა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ 29 250 დოზა ჩამოვიდა, თუმცა ეს დოზა ორზე უნდა გაიყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 14 ათასი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.
„ფაიზერი“ საკმარისი იქნება დაახლოებით 14 ათასი ადამიანისთვის, თავისი დანაკარგის გათვალისწინებით. ოდნავ შეიძლება ნაკლები ადამიანისთვის… 43 ათასი „ასტრაზენეკაა“ შემოსული, დაახლოებით 4 ათასზე მეტი არის ადმინისტრირებული, მაგრამ „ასტრაზენეკაზეც“ სრულად უნდა გაკეთდეს ეს ოდენობა, ვინაიდან ასტრაზენეკა კიდევ შემოვა აპრილის ბოლოს და „ასტრაზენეკას“ მეორე ინექცია კეთდება 8-12 კვირის შემდეგ და ჩვენ გვექნება საკმაო მარაგი, რომ მეორე პარტიაში, რომ მეორე ინექცია გაკეთდეს 8-12 კვირის შემდეგ.
ხოლო „ფაიზერი“ უნდა გაკეთდეს 21 დღეში, ამიტომ ეს 29 250 დოზა გაიყოფა ორზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ მოლოდინის რიგში ახლა 2 ათასი ადამიანი დგას, 9 ათასი ადამიანი კი, „ფაიზერის“ რიგში. ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ დაახლოებით 5 ათასი დოზაა თავისუფალი.
„ფაიზერზე“ აცრები დაიწყება სამშაბათს 6 ჰოსპიტალში: 4 -თბილისში, 1 -ბათუმსა და 1- ქუთაისში, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია მიმდინარეობს 24-მდე ჰოსპიტალში. ეს რიცხვი თანდათანობით გაიაზრდება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.