კვირას, 28 მარტს, 14 საათზე ვაშლიჯვარში, ნანტის პარკში მოსახლეობა აქციას აანონსებს. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებაა.
„რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება – რა დასკვნებზე დაყრდნობით“, – წერია პეტიციაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
მოქალაქეები თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებენ:
- გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა;
- დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს, და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები;
- მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია;
- შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს;
- შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
მეწყრის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან. ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება.
მეწყერს სახელმწიფოს გარდა სწავლობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მეწყერი ყოველდღიურად დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს, ნალექიანი ამინდი კი არსებული ვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია.