ახალი ამბები

ვის იმედად გეგმავს “ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს

25 მარტი, 2021 •
ვის იმედად გეგმავს “ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები რეგისტრირდება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების მისაღებად საჭირო რაოდენობის დეპუტატი წარმოდგენილი არ არის. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ, პარლამენტში უნდა შევიდეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი მინიმუმ 17 დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართული ოცნებისა” და “მოქალაქეების” მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა და მისი წარდგენისას “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა გარეთ მყოფ დეპუტატებს მოუწოდა, რომ ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში თუნდაც ერთჯერადად შევიდნენ.

“მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს”, — განაცხადა იოსელიანმა.

თუმცა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის წევრები მხოლოდ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჯერ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები არ დასრულებულა და არც რაიმე სახის შეთანხმებისთვის მიუღწევიათ. ოპოზიციისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება  “ოცნების” მხრიდან პარლამენტისთვის “ლეგიტიმაციის მინიჭების” მცდელობა და დასავლელი პარტნიორებითვის საჩვენებელად გათვლილი “კომპრომისია”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრ პაატა მანჯგალაძისთვის ეს ინიციატივა “პოლიტიკური ვირეშმაკობაა”. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 3%-იანი ბარიერი ევროპაში მიღებული სტანდარტია და მათთვისაც მისაღებია, ახლა 2024 წლის არჩევნებისთვის ამ ინიციატივის მიღება ნიშნავს, რომ “რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არ გჯერა”.

“ჩვენ ნებისმიერ ცვლილებას განვიხილავთ ერთობლიობაში იმ ექვპუნქტიანი პაკეტის პირობებში, რომელიც შარლ მიშელმა შემოგვთავაზა. ზოგადად, ბარიერის დაწევა კარგი იქნება და საინტერესო, მაგრამ ცალკე ამოგლეჯილად ამის განხილვის აზრს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება არა 3%-იანი ბარიერი, არამედ სისტემური განახლება და ეს ექვსპუნქტიანი შეთანხმება იძლევა სისტემური განახლების შესაძლებლობას. ამიტომ, მხარს ვუჭერთ ექვსპუნქტიან შეთანხმებას და არა 3%-იან ბარიერს”, — ამბობს ნეტგაზეთთან პაატა მანჯგალაძე.

რაც შეეხება ინიციატივის მხარდასაჭერად პარლამენტში ერთჯერადად შესვლას, მანჯგალაძის თქმით, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში იზამდნენ, “თუ ამ ცვლილებებში მეორე პუნქტად რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღი ჩაიწერებოდა”.

საარჩევნო ბარიერის დაწევას ემხრობა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაც. თუმცა მისთვის ვადამდელ არჩევნებამდე ბარიერზე საუბარი “არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად” გამოიყურება.

“როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ბუნებრივია, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, — აცხადებს ბოკერია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილიც საარჩევნო ცვლილებებს მხოლოდ ვადამდელ არჩევნებსა და იმ პირების გათავისუფლებასთან ერთად განიხილავს, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

“გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკი ენმ-ის ხელმძღვანელობით მხარს დაუჭერს საშუალო და მცირე პარტიებისათვის ბარიერის დაწევას. თუმცა ჩვენთვის მთავარი არის, რომ საარჩევნო ცვლილების ყველა საკითხი განხილულ იქნეს ერთიან პაკეტში და ეს უკავშირდებოდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრას, პოლიპატიმრების გათავისუფლებას”, — განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბეჟაშვილმა.

ახლა ბარიერის დაწევის ინიცირება “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის აზრით, “ნაბიჯ-ნაბიჯ” მცდელობას ჰგავს, რომელიც საზოგადოებისა და ევროპელი პარტიონერებისთვის საჩვენებლადაა გათვლილი, რომ თითქოს საარჩევნო მიმართულებით რაღაც ცვლილებები იგეგმება.

“მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა 6 პუნქტი, ასევე, დანიელსონმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის პუნქტები, რომელიც უნდა შესრულდეს. თუ ყველა პუნქტი არ შეთანხმდა, ცალ-ცალკე ნებისმიერ ინიციატივას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ასევე, პოლიტპატიმრების თემა და სხვა საკითხები, რომელიც იქნა ამ შეთანხმებაში ხაზგასმული”, — განაცხადა ხაზარაძემ.

ბარიერის 3%-მდე დაწევას სამართლიან პირობად არ მიიჩნევს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის პარტიაც პარლამენტში შესვლის წინაპირობად საპარლამენტო არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ასახელებდა. თუმცა ხვიჩია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ თუ სხვა პარტიები 3%-იან ბარიერს დათანხმდებიან, მათთვისაც მისაღები იქნება.

“ჩვენთვის რომ მისაღები ყოფილიყო, პარლამენტში ვიქნებოდით კაი ხნის წინ. ეს ალეკო ელისაშვილთან შეთანხმებაში იყო და დღეს უბრალოდ იმის აღსრულება დაიწყეს. ჩვენთვის რაც იყო მისაღები და რა პირობებშიც ვმონაწილეობდით მოლაპარაკების პროცესში, ის პირობა არ დადებულა. ამიტომ, ველოდებით მედიატორების და ფასილიტატორების მეშვეობით მოლაპარაკებების გაგრძელებას. თუ ის წარმატებით არ დამთავრდა, გავაგრძელებთ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს “ქართულ ოცნებასთან”.

სხვა პარტიები თუ დათანხმდებიან, ჩვენთვის ყველაფერი მისაღებია. ჩვენ პარტია, რომელსაც უნდა “ქართული ოცნების” და “ნაციონალურო მოძრაობის” შერიგება. თუ ისინი რამეზე შერიგდებიან, ჩვენ ამას არ შევუშლით ხელს, არც 3%-იანზე. აქედან გამომდინარე, პრობლემა ეგ არ არის. კითხვა არის ის, რომ თუ ისინი ვერ თანხმდებიან რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის რამდენპროცენტიანი ბარიერი შეიძლება იყოს მისაღები და 3%-იან ბარიერზე ჩვენ უბრალოდ მოლოდინი არ გვაქვს, რომ რომელიმე სხვა პარტია შემოვა. შესაბამისად, ეს უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვაა, რომელსაც აღსრულება არ უწერია. თუნდაც ამ 3%-ის აღსრულებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა”, — ამბობს ხვიჩია.

კითხვაზე, იქნება თუ არა იმ 17 ადამიანში, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტში შევა, ხვიჩია გვპასუხობს:

“თუ მეჩვიდმეტე ვიქნები, შეიძლება საქმე არ გავაფუჭო, მაგრამ პირველ ათეულში ნამდვილად არ ვიქნები იმიტომ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან პირობად”, — ამბობს ის.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც 0%-იან ბარიერს ემხრობოდა, “რესპუბლიკური პარტია” იყო. პარტიის წევრები მზად იყვნენ, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შესულიყვნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებდა. თუმცა ახლა ნეტგაზეთთან”რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებამ მოცემულობა შეცვალა და სანამ ის ციხეშია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშორმლობა რთული იქნება. გარდა ამისა, კორძაიას თქმით, ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებისას საუბარი იყო ბარიერის მაქსიმუმ 2%-მდე დაწევაზე.

“დღეს რაც მათ წარადგინეს, ამაზე უკეთესი ვერსია იყო წარდგენილი მედიაციის ფარგლებში, დანიელსონთან, სადაც საუბარი იყო მაქსიმუმ 2%-ზე და არამხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის. მე მგონია, “ქართული ოცნება” ისევ ცდილობს აჩვენოს საზოგადოებას, რომ რაღაც კომპრომისებზე მოდის, მაგრამ სინამდვილეში არავითარ კომპრომისებზე არ მოდის იმიტომ, რომ მთავარი თემა ისევ რჩება პატიმრები და მერე უკვე რატომ აუარესებენ იმ ვერსიას, რომელიც წარდგენილი იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე”, — განაცხადა თამარ კორძაიამ.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს 2%-იან ბარიერზე რამდენიმე პარტია საუბრობდა, თუმცა მათგან თანხმობა არ ყოფილა. როგორც მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ახლა 2%-იან ბარიერზე საუბარი “კონსტიტუციის დაცინვა” და “ვაჭრობაა”.

“იქ [მოლაპარაკებებზე] იყო ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა 2%. ის ხომ არ არის, რომ 1% და 3% იყო და არც შენი, არც ჩემი და 2%, ასე ხომ არ წყდება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ყოველ პროცენტს, ყოველ რიცხვს აქვს თავისი არგუმენტი. ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს 3%-ის სასარგებლოდ. იმისთვის, რომ ეს არგუმენტები გაიცვალოს, ყველაზე კარგი ფორმატი არის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისია, რომელიც ახლა შეიქმნება. იქ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და არა დახურულ კარს მიღმა მხოლოდ პარტიების შეთანხმებით, ამაში ჩართული უნდა იყოს საზოგადოებაც. ეს განხილვები სწორედ მაგიტომ არის, რომ არგუმენტირება მოხდეს. ეს მხოლოდ ციფრებით ჟონგლიორობა არ არის, ამ რიცხვების უკან დგას თავისი არგუმენტები”, — ამბობს პაპუაშვილი.

კითხვაზე, რა იყო მმართველი გუნდის არგუმენტი 3%-იანი ბარიერის სასარგებლოდ, პაპუაშილი მაგალითად იშველიებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ამბობს, რომ თუ ეს არჩევნები 3%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა, პარლამენტში 7 სუბიექტი მოხვდებოდა, რაც პარტიულ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფდა.

“ამავე დროს, 3% დიდი ალბათობით უფრო შეძლებს მყარი უმრავლესობის ფორმირების გარანტირებას, რაც ნიშნავს, რომ არ იქნება საჭირო ბევრმა პარტიამ შექმნას კოალიცია”, — ამბობს პაპუაშვილი.

რაც შეეხება მთავარ კითხვას, როგორ წარმოუდგენიათ საკონსტიტუციო ცვლილებები საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე და აქვს თუ არა მმართველ გუნდს პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების “იმედი”, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ რაც უფრო დრო გადის, ოპონენტების “კეთილგონიერების იმედი” მით უფრო უქრება.

ამ სიტუაციის გათვალისწინებით კი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზანი ოპოზიციის “უპასუხიმგებლობის” ფონზე მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის ჩვენებაა.

“რა არის მთავარი მიზანი ამ ინიცირების? — ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ ინიცირებით პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ მხარს ვუჭერთ 3%-მდე ჩამოწევას ამ საარჩევნო ბარიერის. ახლა უნდა ვნახოთ, ჩვენი ოპონენტებიც არიან თუ არა მზად პასუხისმგებლობის აღების. ეს არის პრობლემა, რასაც ვხედავთ ბოლო თვეები განმავლობაში. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით ქვეყნის წინაშე, ჩვენი ოპონენტები გაურბიან ამ პასუხისმგებლობას და იქცევიან როგორც არაგონიერი პოლიტიკოსები”, — ამბობს პაპუაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მედიაციის მიზნით კვლავ ჩამოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი, რომლის პირველი ვიზიტი, პრაქტიკულად, უშედეგო აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი