ახალი ამბები

ქვახვრელთან უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს

25 მარტი, 2021 •
ქვახვრელთან უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს

შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო წარმოქმნილ კუნძულთან დასაკავშირებლად მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო გზა მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მყოფი მწყემსების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, მათი ნაწილის გამოყვანა გუშინვე მოხერხდა, ნაწილი კი საკუთარი სურვილით დარჩა საქონელთან.

“112-ში” 24 მარტს შევიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დილიდან შესალებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს, წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანონ უსაფრთხო ადგილზე.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან უსაფრთხოების მიზნით და გრძელდება მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მონიტორინგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი