ახალი ამბები

ქალის გარდაცვალებას ახლობლები სასწრაფოს დაგვიანებას უკავშირებენ, 112-ში დაგვიანებას უარყოფენ

25 მარტი, 2021 • 1189
ქალის გარდაცვალებას ახლობლები სასწრაფოს დაგვიანებას უკავშირებენ, 112-ში დაგვიანებას უარყოფენ

ქუთაისში 73 წლის ქალი გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, მისი გარდაცვალების მიზეზი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის დაგვიანება გახდა, თუმცა აღნიშნულს უარყოფენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

გარდაცვლილი ქალის მეზობლების თქმით, სასწრაფო დახამრების ეკიპაჟი 112-ში დარეკვიდან 1 საათის შემდეგ მივიდა, გადაუდებელი დახმარების ცენტრში კი ამბობენ, რომ გამოძახებიდან 8 წუთში იყვნენ ადგილზე.

“5-ჯერ გამოვიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. სამჯერ მე პირადად გამოვიძახე იმიტომ, რომ შევედი, ქალბატონი შეუძლოდ იყო და ცოცხალი იყო იმ მომენტში, მაგრამ ვერ მოახერხა და არ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. ეს ქალბატონი იყო სრულიად ჯანმრთელი, ასაკთთან შედარებით კარგად გრძნობდა თავს, შუადღეს ვნახე, ვესაუბრე… გახდა ცუდად და ვერ მოუსწრო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, დაახლოებით საათი დააგვიანა”, — ამბობს ერთ-ერთი მეზობელი “მთავარ არხთან”.

გადაუდებელი დახამრების ცენტრის ინფომაციით, გამოძეხება 24 მარტს, 17:10 საათზე შევიდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი კი ადგილზე 17:18 საათზე მივიდა, თუმცა 73 წლის ქალი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ქუთაისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დააგვიანა. ქუთაისის რაიონული სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია”, — განმარტავენ გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი