ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

მუშთაიდის ბაღთან ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ინგრევა

16 მარტი, 2021 • 4841
მუშთაიდის ბაღთან ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ინგრევა

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთში, მუშთაიდის ბაღთან, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა.

შედეგად არავინ დაშავებულა. დიდუბის გამგეობამ რამდენიმე ოჯახი, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებით გადაიყვანა სასტუმროში.

შემთხვევა 15 მარტს, გვიან საღამოს, „კომენდატის საათის“ დროს მოხდა. ამ დროისთვის შენობაში კვლავ რჩება რამდენიმე ოჯახი.

ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად შესაძლებელია სახლში ცხოვრება ან მისი რესტავრაცია. ამაზეა დამოკიდებული იქ მცხოვრები ადამიანების ბედიც.

სახლის შესახებ

დავით აღმაშენებლის გამზირის #184-ში მდებარე ორსართულიანი შენობა 1891 წელს არის აგებული.

მისი არქიტექტორი, ამავე დროს, პროექტის უშუალო ხელმძღვანელი, თბილისში მოღვაწე ცნობილი პოლონელი არქიტექტორი, ალექსანდრე შიმკევიჩი იყო.

ეს სახლი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გადაღმა, მუშთაიდის ბაღის გვერდით მდებარეობს. ის „კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის“ თანამშრომლებისთვის ააგეს — მათ საცხოვრებელ სახლად.

როგორც „თბილისის განვითრების ფონდის“ მასალებშიც წერია, „ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, აღნიშნული შენობა კარგადაა ჩაწერილი ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში და მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისთვის“.

აგურით ნაშენი სახლის მთავარი ფასადი შელესილია, — და როგორც ფონდის მასალებშია აღწერილი, — გაფორმებულია დეკორატიული ელემენტებით და ლითონის აჟურული მოაჯირით შემკული აივნით.

„შენობის ეზოსპირა ფასადს ჭვირულ მოაჯირიანი ხის აივნები შემოუყვება, ამ მხარეს მრავლადაა უსახური მინაშენები და გადაკეთებები“, — წერდა ფონდი 2015 წელს.

2015 წლისთვის ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა შეფასებული იყო, როგორც „საშუალო“. მცხოვრებლების თანახმად, ახლა ვითარება გაუარესებულია.

XIX საუკუნის ბოლოს აშენებული სახლი საბჭოთა საქართველოს პირობებში, საუკუნის ბოლო კვარტალში, „ისტორიისა და კულტურის ძეგლების“ სიაში შედიოდა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი შენობას 2006 წელს მიენიჭა სხვა არაერთ შენობასთან ერთად (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით).

არშემდგარი რეაბილიტაცია

როგორც „ნეტგაზეთს“ ამ შენობაში მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს, მერია სახლის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2015-16 წლებში აპირებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი არ განხორციელდა. მიზეზი იქ მცხოვრებლების განსხვავებული აზრები გახდა.

თბილისის განვითარების ფონდში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს იქ მცხოვრებლების ნათქვამი ინფორმაცია: რომ სახლის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2015-16 წლებში იგეგმებოდა, საამისოდ ბიუჯეტიც არსებობდა, პროექტიც იყო გაწერილი და ხარაჩოებიც კი დაამონტაჟეს, თუმცა რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად საჭირო იყო მეზობლების 100%-ის თანხმობა, რაც საბოლოოდ ვერ მიიღეს.

„ვერ მოხდა მთლიან მოსახლეობასთან შეთანმხება, რამაც გამოიწვია ხარაჩოების ჩამოხსნა“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ განვითარების ფონდში (ფონდის ცნობითვე, სახლის რეაბილიტაციის განკუთვნილი თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში, შემდეგ კი სხვა პროექტებზე გადამისამართდა).

ერთ-ერთი ოჯახის თანახმად, რომელიც რამდენიმე წელია, ამ მისამართზე ცხოვრობს, შესაძლო რეაბილიტაციის კიდევ ერთი შანსი 2020 წელს გაჩნდა, როდესაც აბრეშუმის მუზეუმის რესტავრაცია დაიწყო:

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უთხრეს სამეზობლოს, თუ ყველა დათანხმდებით, ამ სახლსაც ჩავუტარებთ რესტავრაციასო, თუმცა მაშინაც არ მოინდომეს“, — ამბობს ერთ-ერთი მცხოვრებელი.

რა პირობებშია სახლი ახლა?

15 მარტის ჩამონგრევის შემდეგ, სახლის პირველი სართულის უკანა ფასადი ასე გამოიყურება:

მოსახლეობა, ვისაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, შიშობს, რომ დაზიანების გამწვავების შემთხვევაში, სახლი მთლიანად შეიძლება ჩამოიშალოს.

„სანიაღვრე სისტემა არაა მოწესრიგებული. ქუჩიდან რომ ჩამოდის წყალი, სახლამდე აღწევს, შიგნით გროვდება და, დარწმუნებულები ვართ, კატასტროფული მდგომარეობა იქნება“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, რომელიც 15 მარტს ჩამოშლილ ადგილს ზემოდან ექცევა, ერთი შეხედვით, ეზოსკენაა გადახრილი.

ფასადზე ბათქაში არაერთ ადგილას არის ჩამონგრეული;

მეორე სართულსა და სახურავს შორის, წყალსადინარ მილთან, აივნის ბოძი დაშორებულია სახურავს.

მეორე სართულზე აივანი ალაგ-ალაგ გამონგრეულია და სიმყარის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

რა ელით მცხოვრებლებს/სახლს?

სახლში რამდენიმე ბინაა და, მცხოვრებლების თანახმად, იქ 22 ოჯახი ცხოვრობს.

დიდუბის გამგეობაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პირველ სართულზე მცხოვრებლები, — 8 ადამიანი, ვისაც „წასასვლელი არ ჰქონდა“, — სასტუმროში გადაიყვანეს იმავე ღამით, ნაწილმა ნათესავთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი ხელწერილების საფუძველზე ადგილზე დარჩა.

გამგეობის ცნობითვე, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, — ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, — რომელიც გამოავლენს, ექვემდებარება თუ არა სახლი გამაგრებას.

დადებითი დასკვნის შემთხვევაში, უწყების თანახმად, მოსახლეობას ქირით გაიყვანენ (ხოლო სანამ ქირით დასარჩენ საცხოვრებელს იპოვიან, სასტუმროში იქნებიან) მანამ, სანამ გამაგრებითი სამუშაოები არ დასრულდება. შემდეგ კი საცხოვრებლად დაბრუნდებიან.

რაც შეეხება ქირის რაოდენობას — ის დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე, თუმცა გამგეობაში ეს თანხა „ნეტგაზეთისთვის“ არ დაუზუსტებიათ და ამაზე ინფორმაცია ჯერ არც მცხოვრებლებს აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტიზის დასკვნით, შენობა გამაგრებას/რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, გამგეობის თანახმად, შემდეგ გადაწყდება, როგორ განვითარდება მოვლენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი