“ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთის საქმეს აკეთებს იმით, რომ გირაოს არ იხდის და საპატიმროდან არ გამოდის. ამის შესახებ მან განაცხადა საქართველოს შესახებ სენატში გამართული დებატების კომენტირებისას.
როგორ პაპუაშვილი ამბობს, სენატში პირდაპირ ითქვა, რომ მელიამ კანონი დაარღვია.
“რამდენიმე საკითხზე პირდაპირ ხაზი გაუსვეს. ნიკა მელიამ რომ დაარღვია კანონი, პირდაპირ ითქვა სიტყვა-სიტყვით და სწორედ ამის შედეგია, რომ მოხდა წინასწარი პატიმრობის შეფარდება. პირდაპირ განაცხადეს, რომ აშშ-ის სენატი ეუთო/ოდირის დასკვნას იზიარებს. ხაზი გაუსვეს, რომ “ქართული ოცნება” 2012 წლიდან დასავლურ კურსს ადგას მყარად. ხაზი გაუსვეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის როლს იმაში, რომ “ქართული ოცნება” დგას ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის კურსზე. ასევე თქვეს, რომ ცარიელი სკამები პარლამენტში, ეს არის ის საქმე, რომელიც აწყობს რუსეთს. ის, რომ ნიკა მელია არ იხდის გირაოს და არ გამოდის საპატიმროდან, ამითი აკეთებს რუსეთის საქმეს ნამდვილად”, — განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ, 23 მარტს, აშშ-ის სენატის რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხთან დაკავშრიებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოუსმინეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა და აღნიშნული ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
კენტის თქმით, საქართველოში მიმიდნარე პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია როგორც დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე პოტენციურად ზრდის მის მოწყვლადობას რუსული გავლენების წინაშე.
ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე