ახალი ამბები

“კურაციოს” მკვლევრები მორიგი ეპიდაფეთქების რისკებზე საუბრობენ

24 მარტი, 2021 •
“კურაციოს” მკვლევრები მორიგი ეპიდაფეთქების რისკებზე საუბრობენ

საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მატება ქმნის საფრთხეს, რომ ქვეყანა ხელახალი ეპიდაფეთქების რისკის წინაშე დადგეს, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid-19-ის გაზრდილ შემთხვევებზე შემდეგი ფაქტორები მიუთითებს:

  • გასული კვირების მანძილზე შეზღუდვების მოხსნამ მოსახლეობის მობილობის ზრდა გაამოიწვია (რაც Google Mobility ანგარიშებით დასტურდება) და ეს იმ ფონზე, როცა პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეისთვის, IHME -ს მონაცემებით, საგანგაშო ნიშნულზე დავიდა (43%), მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი დეკემბრის დასაწყისში 70% იყო;
  • თუ გადავხედავთ ვირუსის გავრცელების ბოლო კვირების დინამიკას, აშკარაა, რომ 10 მარტიდან მოყოლებული COVID19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა 14-დღიანი პერიოდისთვის (ევროპის CDC-ს მიდგომა) მატებით ხასიათდება. ანუ ინფექციის გავრცელება უკვე ბოლო ორი კვირაა მზარდია, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ნელი ტემპით;
  • ასევე, ბოლო 18 დღეა ზრდის ტენდენციით ხასიათდება ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებელი (Rt), თუმცა ეს მაჩვენებელი 1-ს მხოლოდ შვიდი დღის წინ გადასცდა. ეს მაჩვენებელი 1-ის ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს, თუ გვინდა, რომ ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციაზე ვისაუბროთ;
  • დაბოლოს, ასევე იზრდება ტესტირების 7-დღიანი საშუალო პოზიტიურობის მაჩვენებელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ჩატარებული დღიური ტესტების რაოდენობის მიმართ მეტად სენსიტიურია (რაც შაბათ-კვირას მნიშვნელოვნად მცირდება) და გარკვეული რყევებით ხასიათდება.

“ერთობლიობაში აღებული ეს მაჩვენებელები გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის”, – აცხადებენ ფონდში.

“კურაციოს”  მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ იმისთვის რომ 2020 წლის შემოდგომაზე დაშვებული შეცდომა არ განმეოდეს, რა დროსაც დღიური შემთხვევევბის რიცხვი 5 ათასსაც კი აჭარბებდა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ახსოვდეს პირბადის ტარების აუცილებლობა. ამას გარდა, ფონდში აცხადებენ, რომ აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სექტორის მზაობა როგორც ჰოსპიტალური, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

“სავალალოა, რომ ამ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად და ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი ლიმიტირებული ვაქცინების ფონზე, დაბალია სამედიცინო პერსონალში აცრების დონე. ალბათ, თითოეული დაწესებულების ხელმძღვანელმა მაგალითი უნდა მისცეს თანამშრომლებს და დროულად აიცრას, რათა დაიცვას როგორც ფრონტის წინა ხაზის მებრძოლები, ასევე, და უმთავრესი, მათ დაწესებულებაში მოხვედრილი არა COVID-19 პაციენტები.

ალბათ, ისევ ცხოვრება გვიჩვენებს რომ მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ყოფნა საკმარისი ვერ იქნება და ბოლო თვეებში ვერც ზეპარტიული ერთობის მაგალითები ვიხილეთ. იქნებ დროა, რაღაც პრობლემებს ჩვენ თავად მივხედოთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, როგორც პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ. ვთვლით, რომ ცნობილი დაწესებულებების მესვეურებს ხელეწიფებათ არა მარტო საკუთარ გუნდს უჩვენონ მაგალითი, არამედ ბევრ სხვასაც.

ალბათ, მთავრობაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება კარს მომდგარ საფრთხეს და დროულად გადადგამს იმ საჭირო ნაბიჯებს, რაც შემდგომი აფეთქებისგან დაგვიცავს, თუ, რა თქმაუნდა, არ ჩათვლის, რომ ჩვენი წუხილი ნაადრევია და ამ ეტაპზე საშიში არაფერია?!”-აცხადებენ ფონდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი