დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] კონფლიქტებთან დაკავშირებით ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ საქართველოს მთავრობას მიმართავს.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, სახელწოდებით „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, 2010 წელს, ჯერ კიდევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს შემუშავდა და ამ დოკუმენტის შექმნას მრავალთვიანი მუშაობა ედო საფუძვლად.
“მაშინდელი მმართველი ძალის ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე. სტრატეგიის მიღებისთანავე ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი რეალიზაცია გართულდებოდა და ვერც სათანადო შედეგებს მოიტანდა. დღეს, სტრატეგიის მიღებიდან 11 წლისთავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტმა დიდწილად მართლაც ვერ იმუშავა”.
ამ ფონზე, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გაუგებარია, “რატომ არ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიის რევიზია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. მით უმეტეს, რომ განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა”.
სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა. პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევა (სიცოცხლის ხელყოფაც კი) ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. განსაკუთრებული წნეხის პირობებში იმყოფება გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ახალგორის რაიონი, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის პირასაა.
DRI განმარტავს, რომ 90-იანი წლებიდან დაგროვილი, უაღრესად რთული პრობლემების გადაწყვეტა ერთიანად და სწრაფად ვერ მოხერხდება, თუმცა მათ ეტაპობრივ მოგვარებას ესაჭიროება საერთო ეროვნული ძალისხმევა და პრაგმატული მიდგომები.
“შესაბამისად, დროა, ხელისუფლებამ, საექსპერტო წრეების ჩართულობით, დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთი მხრივ, აფხაზეთში და, მეორე მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; დაუპირისპირდება როგორც ოკუპაციას, ასევე, ანექსიურ პროცესებს (ამ პროცესში, შესაძლოა, ადგილზე მოკავშირეებიც ვიპოვოთ);
ოკუპაციასთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას დაუთმობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას; უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური ინსტიტუტების მეტ შეღწევადობას; ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე და არა მათ გარე სამყაროსგან იზოლაციაზე; ცალკე და პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ახალგორისა და გალის რაიონებს.”