ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში რიგ შესწორებებს გადახედოს.
საქმე ეხება “ქართული ოცნების” ინიცირებულ კანონპროექტთა ორ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსების და საეთერო დროის შეზღუდვას პარტიისთვის, თუ ის საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს, და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც საქართველოს მოქალაქე არაა და აგიტაციაში მონაწილეობს. “ოცნებამ” ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული საკამათო კანონპროექტების დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გაგზავნის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა.
ვენეციის კომისიის და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების თანახმად, საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებას თანაბარ შესაძლებლობებზე, ართმევს მათ თავისუფალი საეთერო დროს, თუ საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასეთი პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა “დისპროპორციული და დაუსაბუთებელია”, რადგანაც სწორედ იმ პარტიებს, რომელთაც ნაკლები რესურსი აქვთ, სჭირდებათ წვდომა უფასო საეთერო დროზე. ამასთან, ვენეციის კომისიის შეფასებით, არა მარტო პირდაპირი კავშირი არაა თავისუფალი საეთერო დროის გამოყოფასა და საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას შორის, არამედ ასეთი აკრძალვა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, ვინაიდან მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას შეამცირებს.
ვენეციის კომისია ასევ შეშფოთებულია “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებებით, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაფინანსება შეუჩერდება პარტიას ან პოლიტიკურ ბლოკს, რომლის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას.
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია პოლიტიკური პარტიების — და არა ინდივიდუალური დეპუტატების — სანქცირებას დისპროპორციულ ზომად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შეუსაბამობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს.
ანალოგიური ეხება პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებულ ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს ხელფასის თითქმის სრულ დაქვითვას დეპუტატისთვის, თუ იგი არასაპატიო მიზეზით არ ესწრება ყველა პლენარულ სხდომას კალენდარული თვის განმავლობაში, ასევე, საკომიტეტო მოსმენებს. დასკვნის თანახმად, ეს ცვლილება, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც აუციელებელ ხელფასს ადგენს.
ვენეციის კომისია პარლამენტს სთავაზობს, განიხილოს “უფრო პროპორციული და შესაბამისი ზომები”, რომლებიც პასუხისმგებლობას ინდივიადუალური დეპუტატებისკენ მიმართავს.
“ასეთი ფართო სანქციები პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის წევრი არცერთი სახელმწიფოს კანონმდებლობაში არ მოიძიება”, – ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის მეორე ერთობლივი მოსაზრება შეეხება საარჩევნო რეგისტრაციიის გაუქმების ინიციატივას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც საქართველოს მოქალაქე არაა და აგიტაციაში მონაწილეობს. ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის შეფასებით, “ასეთი ცვლილების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პოლიტიკური პლურალიზმის გაუმართლებელი აკრძალავა”.
დასკვნაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება არ განსაზღვრავს მკაფიო კრიტერიუმს, ვინ ითვლება საარჩევნო სიის თუ პარტიის პოლიტიკურ ლიდერად და სანქცია პარტიული სიის რეგისტრაციაზე არის არაპროპორციული ზომა, რომელიც მიზანში იღებს პარტიას და არა — უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს სწამთ, რომ ასეთი ცვლილება შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ad hominem, ე.ი. კონკრეტული პირის წინააღმდეგ მიმართული სამართალი. ასეთი საკანონმდებლო ტექნიკა ვენეციის კომისიის მიერ ადრეც გაკრიტიკებულია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები ოპოზიციის დაშანტაჟების მცდელობაა.
გასული წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ იმ პარტიებს, ვინც პარლამენტში არ შევა, დაფინანსება შეუწყდება და დააანონსა კანონი, რომელმაც შესაძლოა ენმ არჩევნებს მიღმა დატოვოს.
საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, შემდეგ კი განხილვა შეაჩერა სადავო კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის ან ეუთო/ოდირის დასკვნის მიღებამდე.
“მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე, პოლიტიკურად, ყველაფერი აბსოლუტურად გამართულია და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც ბოლომდე წელში გამართულია, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რამეზე საუბრის, — გნებავთ, პოლიტიკური, გნებავთ, სამართლებრივი კუთხით – მე გთავაზობთ შემდეგს: დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი, გნებავთ, ვენეციის კომისიაში, გნებავთ, ოდირში, დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე შევაჩეროთ და ვენეციის კომისიის, ოდირის ან ორივეს ერთად დასკვნის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ თემაზე:
რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს
“მათრახის პოლიტიკა” – საით მიჰყავს პოლიტიკური პროცესი “ოცნების” ახალ ინიციატივებს