ახალი ამბები

„ოცნება“აანონსებს კანონს, რომელმაც შესაძლოა ენმ არჩევნებს მიღმა დატოვოს

9 დეკემბერი, 2020 • 1975
„ოცნება“აანონსებს კანონს, რომელმაც შესაძლოა ენმ არჩევნებს მიღმა დატოვოს

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ამბობს, რომ უმრავლესობა აპირებს იმ კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს, რომელიც რიგ პარტიებს საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებს.

კობახიძე ქვეყანაში „პოლარიზაციის მთავარ წყაროდ“ მიხეილ სააკაშვილს ასახელებს და ამბობს, რომ ის ერთდროულად არღვევს ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს:

„ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ჩვენმა უკრაინულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა ამისათვის უკრაინულ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ.

საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“, – განმარტავს კობახიძე.

დღევანდელი საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაცია) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამავე კანონის 79-ე მუხლი ამბობს, რომ ამ ნორმის დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

3. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

3​1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ იმავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარების წესების დარღვევა.

4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) მოსამართლისა;

გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;

დ) გენერალური აუდიტორისა;

ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;

თ) საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა, საჯარო სკოლების პედაგოგებისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

ბ) სასამართლოები;

გ) სამხედრო ნაწილები.

6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში,  უზრუნველყონ  ამ ღონისძიებების  უსაფრთხოება.

7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული  ქმედება  ჩაითვლება  ადმინისტრაციული  რესურსების გამოყენებად.

8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

9. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და გადასცენ საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე.

10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე თანხმობად.

11. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

12. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. აღნიშნულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ კანონის X თავით დადგენილი ნორმები.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე.

წაიკითხეთ ასევე:

თუ პარტიები პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსებას ვერ მიიღებენ – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი